მთავარისაქართველომზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის მფლობელია

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის მფლობელია

ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს გადაეცემა. მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სახაროვის პრემიის მფლობელები არიან.

„სიმამაცემ ისინი დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოებად აქცია“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატების გამოცხადებისას და თქვა ისიც, რომ ორი ჟურნალისტი – ერთი საქართველოში, მეორე კი ბელარუსში, ახლა პატიმრობაში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ მათ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს.

ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, თითქმის ცხრა თვეა პატიმრობაშია. მას სასამართლომ აგვისტოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით.

ანდჟეი პოჩობუტს კი ბელარუსში რვაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი „ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ ზიანის მიყენების ბრალდებით.

„ორივე ჟურნალისტი ახლა გამოგონილი ბრალდებებით პატიმრობაშია მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ საქმეს ასრულებდნენ – საუბრობდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. სიმამაცემ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოებად აქცია. ეს ინსტიტუცია დგას მათი და იმ ხალხის გვერდით, თავისუფლების მოთხოვნას აგრძელებს. რამდენიმე წუთში სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და სერგეი ტიხანოვსკის მიმართვას მოვისმენთ. მათი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა დევს სასწორზე და რატომ არასდროს აარიდებს ეს პარლამენტი თვალს უსამართლობას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ სახაროვის პრემიის პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტებისთვის გადაცემა ძლიერი გზავნილია ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის.

„სახაროვის პრემიის გადაცემა ანდჟეი პოჩობუტისა და უშიშარი მზია ამაღლობელისთვის ძლიერი გზავნილია ყველა პოლიტპატიმრის მისამართით: თქვენ მარტო არ ხართ და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის. როგორც გერმაელმა პარლამენტარმა, მანუელა როტმანმა თქვა, დღეს გმირები არა კინოში, არამედ ციხეებში არიან. სწორედ ამ გმირებს შორის არიან ადნჟეი და მზია. მინდა მათ მივულოცო – ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა”, – განაცხადა სველტანა ტიხანოვსკაიამ.

ევროკავშირის ყოველწლიური ჯილდო – სახაროვის აზრის თავისუფლების პრემია, საბჭოთა დისიდენტისა და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს. ეს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოა და ევროპარლამენტი მას 1988 წლიდან გასცემს.

პრემია გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომელთაც ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართალისა და უმცირესობების უფლებების დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. გამარჯვებულს ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან არჩევენ.

წელს პრემიის ფინალისტთა შორის მზია ამაღლობელთან და ანდჟეი პოჩობუტთან ერთად იყვნენ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული მუშაკები ჰალესტინიდან და სტუდენტები სერბეთიდან.

სახაროვის პრემიის არაერთმა ლაურეატმა მოგვიანებით ნობელის მშვიდობის პრემიაც მიიღო. მაგალითად, სწორედ გასული წლის სახაროვის პრემიის ლაურეატს, ვენესუელელ ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს ერგო 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიაც.

სახაროვის პრემია სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ნელსონ მანდელას – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველ შავკანიან პრეზიდენტს, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და უკრაინელ ხალხს.

სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 16 დეკემბერს სტრასბურგში, იმავე დარბაზში გაიმართება, სადაც დღეს პრემიის მფლობელთა ვინაობა გამოაცხადეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend