მთავარიგადაცემებიSmart Regionsრაინდებისა და ომების სამყაროში - ევროკავშირში შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები ტურიზმის კერად ყალიბდება

რაინდებისა და ომების სამყაროში – ევროკავშირში შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები ტურიზმის კერად ყალიბდება

ხორვატიაში ისტრიის რეგიონში ორი ძველი ციხესიმაგრე აღადგინეს და გააცოცხლეს. საუკუნოვანი ძეგლები ახლა მხოლოდ წარსულისკენ გაჭრილი ფანჯარა აღარ არის, ისინი დასაქმებასა და ეკონომიკის განვითარებასაც უწყობენ ხელს.

ხორვატიის ისტრიის  რეგიონში მდებარე  მოროსინი-გრიმანის ციხესიმაგრეს  ბევრი გასართობის შეთავაზება შეუძლია ბავშვებისთვის, რათა მათ წარსული გაცოცხლება შეძლონ საკუთარ ფანტაზიაში.

ეს ციხესიმაგრე იმ ევროპულ პროექტშია ჩართული, რომელიც მიზნად ისახავს მოცემულ რეგიონში ორი ისტორიული ციხესიმაგრის აღდგენას, რათა მათი საშუალებით ადამიანმა წარსულის დანახვაც შეძლოს და თან სამუშაო ადგილები გაჩნდეს. საბოლოოდ, აღდგენილ და განახლებულ ციხესიმაგრეში ტურისტული სეზონის დროს 12 ადამიანია დასაქმებული. აქ შესაძლებელია როგორც ქორწილის გადახდა, ისე გასტრონომიული ღონისძიების ჩატარება თუ თანამშრომელთა შეკრება, კონცერტის გამართვა თუ შუასაუკუნეების ტრადიცის მიხედვით საღამოს მოწყობა.

„ეს ციხე აქ ჩვენამდე იდგა და ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენ შემდეგაც დარჩეს,“ – ამბობს  მატიია ლიუბა,   მოროსინი-გრიმანის ციხესიმაგრის კრეატიული განვითარების მენეჯერი. „სწორედ ამას ვუხსნით აქ მოსულ ყველა სტუმარს, ვთხოვთ, რომ მოვიდნენ, გაერთონ, კარგი დრო გაატარონ, მაგრამ, ამავე დროს,  პატივი სცენ თითოეულ ქვას. როდესაც აქ რაღაც ღონისძიების ჩატარებას ვაპრიებთ ჯგუფებისთვის, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მის ეკოლოგიურ მხარეს“.

ამ პროექტის საერთო ღირებულება თითქმის სამი მილიონი ევროა. ამ თანხის 85% ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს. ორ აღდგენილ ციხესიმაგრეში წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მნახველი მოდის. აქედან 5 ათასი პიეტრაპელოსას  ციხეზე მოდის, მეათე საუკუნის ძეგლზე, რომელიც განმარტოებულ ადგილზე მდებარეობს. ახლა ამ კედლებში ბავშვები განძის საძებნელად მოდიან, ტარდება პოეზიის ფესტივალები, მედიტაციის სემინარები ან ჯაზისა და პოპმუსიკის კონცერტები. ამ ციხესიმაგრეების მომავალი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა წვლილს შეიტანენ ადგილობრივ ეკონომიკაში, ამბობს არქეოლოგი, რომელიც ციხესიმაგრეების კვლევასა და აღდგენაში მონაწილეობს.

„თუ ამ ციხესიმაგრეებს აღდგენის შემდეგ არ მოვუვლით, თუ არაფერში გამოვიყენებთ, ძალიან მალე ისევ პრობლემები შეიქმნება, რადგან ნაგებობა ისევ დაინგრევა და ძალიან გაჭირდება ხელახლა აღდგენისთვის ფინანსების შოვნა,“ – განმარტავს  იოსიფ ვიშნიჩი, პულის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი არქეოლოგიაში. „როდესაც ისეთი ადგილი გაქვს, როგორიც ეს პიეტრაპელოსია ახლა, უნდა მოუარო.  ის იზიდავს უამრავ  მნახველს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა მეტად დააფასოს, რაც აქვს და უკეთ იზრუნოს მასზე“.

ავტორი: ხულიან გომესი

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend