მთავარისაქართველო„საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებითა და დასჯით გადაწყვიტა“- Amnesty International

„საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებითა და დასჯით გადაწყვიტა“- Amnesty International

ავტორიტეტიანი უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის შეფასებით, საქართველოში „რეპრესიები სულ უფრო მეტად მწვავდება“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

„მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საპროტესტო აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დასამყარებლად, ახალი ცვლილებები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ნორმებს სცდება. მშვიდობიანმა შეკრებებმა შეიძლება დროებით შეაფერხოს მოძრაობა ან გამოიწვიოს უხერხულობა – ეს არ ამართლებს დარბევას ან დაპატიმრებას. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტა მშვიდობიანი მომიტინგეების გაჩუმება დაშინებითა და დასჯით. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც დაკავებულია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების გამო“, – წერია დენის კრივოშეევის განცხადებაში, რომელსაც Amnesty International-ი ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, გზის უკანონო გადაკეტვისა და სახის დაფარვის ბრალდებით, დემონსტრანტებს უკვე ორი დღეა მასობრივად აკავებენ.

დაკავებულთა შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტები ქეთა ციცქიშვილი და ვახო სანაია. ორივე მათგანს რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ მისჯილი.

გუშინ 20 ოქტომბერს 5 პირი დააკავეს, მათ შორის აქტივისტი ნინო ბერუაშვილი, მსახიობი საბა ჯაფარიძე, აქტივისტი თამარ თოთლაძე. 19 ოქტომბერს კი – 14 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend