აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, ერთმანეთს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდებიან. ეს ინფორმაცია დონალდ ტრამპმა მედიას თავადვე დაუდასტურა, თუმცა შეხვედრის ზუსტი თარიღი მას არ დაუკონკრეტებია.
მოულოდნელი გადაწყვეტილება მოჰყვა პრეზიდენტ პუტინთან მის თითქმის ორსაათ-ნახევრიან სატელეფონო საუბარს, რომელიც, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ძალიან პროდუქტიული იყო.
როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამომრჩევლისადმი მიცემული კიდევ ერთი საარჩევნო დაპირების რეალობად ქცევას გეგმავს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაზე თეთრ სახლში ფიქრი კვლავ განაახლეს.
„მე და პრეზიდენტი პუტინი ერთმანეთს უნგრეთში შევხვდებით. ვიქტორ ორბანი გვიმასპინძლებს. ახლა ნამდვილად არის შეხვედრის დრო.
-შეეცადა თუ არა პრეზიდენტი პუტინი თქვენს დარწმუნებას, რომ „ტომაჰავკები“ აღარ გაგეყიდათ?
რა თქმა უნდა. რას ფიქრობთ, რას მეტყოდა? მთხოვდა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკები“ მიმეცა? სინამდვილეში კი ვუთხარი, პრობლემა ხომ არ ექნებოდა, მისი მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე ათასი „ტომაჰავკი“ რომ მიმეცა? პირდაპირ ასე ვკითხე და მას ეს იდეა არ მოეწონა. ხანდახან ცოტა უნდა იხალისო, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს არ მოეწონა. „ტომაჰავკი“ საშიში იარაღია და არავის სურს, მისი სამიზნე გახდეს“, – განუცხადა მედიას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა და აშშ-ის ომის დეპარტამენტის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, არაერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკების“ გადაცემის შესაძლებლობას განიხილავდნენ. 15 ოქტომბერს კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტს აუცილებლად გაესაუბრებოდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი კი უკვე ვაშინგტონშია. შეიცვლება თუ არა ოვალურ კაბინეტში პრესკონფერენციისას დონალდ ტრამპის რიტორიკა, ჯერ არავინ იცის. თუმცა რაც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწისგან, იური უშაკოვისგან, ვიცით, ისაა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს დაჰპირდა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მოხმობილ არგუმენტებს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გაითვალისწინებდა.
„უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხი განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ტომაჰავკები“ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას არ შეცვლის, მაგრამ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე. პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობაზეც იმსჯელეს. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეთანხმდნენ, რომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მზადებას სამიტისთვის, რომელიც შესაძლოა, მაგალითად, ბუდაპეშტში ჩატარდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების მცდელობას პესიმისტურად უყურებს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის უფროსი მკვლევარი, მარია სნეგოვაია.
მკვლევარი თვლის, რომ იმ მასშტაბის იერიშები, რომლებიც მოსკოვს ახლა უკრაინის ტერიტორიის სიღრმეებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიაქვს, სრულად ვერ შეჩერდება და პუტინის მზადყოფნის შემთხვევაშიც კი კრემლი უკრაინის დესტაბილიზაციას ქვეყნის შიგნიდან შეეცდება.
„სხვა ექსპერტებისგან განსხვავებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ალბათობა ძალიან დაბალია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია მათ შორის, რაც არსებობს. მაშინაც კი, თუ პუტინი, გარკვეულწილად, მზად იქნებოდა დეესკალაციისთვის, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან დესტრუქციულ პოტენციალს შეინარჩუნებს, რადგან ის ახლაც აგრძელებს უკრაინის დაბომბვას, დრონებით ესხმის თავს და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მიაქვს იერიში. მაშინაც კი, თუ ისინი შეამცირებენ შეტევებს ფრონტის ხაზზე, მოსკოვს აქვს ბერკეტი, შექმნას ქაოსი ქვეყნის შიგნით, რათა შეარყიოს უკრაინული საზოგადოების სიმტკიცე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად და კრემლის ამ პროცესში გულწრფელი ჩართულობისთვის, რუსეთში არსებული ვითარება მკვეთრად უნდა გაუარესდეს ეკონომიკურად და ეს შესაძლებელია სანქციების – მისი ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მაქსიმალური ზეწოლით“, – განაცხადა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის უფროსმა მკვლევარმა, მარია სნეგოვაიამ.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი. ლიდერები, სავარაუდოდ, ოვალურ კაბინეტში ერთობლივ პრესკონფერენციას ჩაატარებენ, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება.

