ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
დიპლომატი უკვე შეხვდა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს და მასთან ერთად განიხილა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები:
„ჩვენ ვცხოვრობთ გახლეჩილ სამყაროში, სადაც ღრმავდება უფსკრული დემოკრატიულ და ავტოკრატიულ ძალებს შორის. თქვენ მშვენივრად იცნობთ ევროკავშირის პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლებას და არა ჩაგვრას. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარტნიორობას და არა დაქვემდებარებასა და დამორჩილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიას და არა აგრესიას. თითქმის ორი ათწლეულის წინ, სერბეთმა აირჩია ჩვენს გაერთიანებაში გაწევრება. ეს არამხოლოდ სტრატეგიული, არამედ გულით ნაკარნახევი არჩევანი იყო. ამას ითხოვდა სერბი ხალხი და ჩვენ მოუთმენლად ველით, როცა სერბეთი გააორმაგებს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. ბატონო პრეზიდენტო, სერბეთისთვის ახლა დადგა დრო, პირდაპირ განაცხადოს ჩვენს გაერთიანებაში გაწევრების შესახებ“.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის ბელგრადმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რაც ეხება კანონის უზენაესობას, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სერბეთის საგარეო პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ ბელგრადი უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე შეწყვიტოს პარტნიორობა რუსეთთან:
„ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ წინსვლას კანონის უზენაესობის, საარჩევნო სისტემისა და მედიის თავისუფლების მხრივ. ვიცი, ეს რეფორმები არ არის მარტივი, საჭიროა მოთმინება, მათ უნდა მოიცვან საზოგადოებისა და პოლიტიკის ყველა სფერო, თუმცა ეს ამად ღირს. ჩვენ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას საგარეო პოლიტიკის მხრივ, მათ შშორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილში“.
ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის ბელგრადის „საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი“. მისივე განცხადებით, ამ კურსს ქვეყანა, სულ მცირე, არჩევნებამდე შეინარჩუნებს, თუმცა, იმედოვნებს, რომ ვითარება არც კენჭისყრის დღის შემდეგ შეიცვლება.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს არის დაგეგმილი. მიუხედავად ქვეყნის საარჩევნო კოდექსისა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა, თითქმის ერთი წელია, სერბეთის მოსახლეობა მოითხოვს ხელისუფლების გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
პროტესტის სერბეთის მასშტაბით 2024 წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო. უბედურმა შემთხვევამ 15 პირი იმსხვერპლა. მომხდარი მოსახლეობამ დაუკავშირა სერბეთის ხელისუფლების კორუფციულ გარიგებებს.
მასშტაბურ დემონსტრაციებში ძირითადად სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროტესტმა მოიცვა ქვეყნის მსხვილი ქალაქები. პროტესტის ფონზე, 2025 წლის 28 იანვარს თანამდებობა დატოვა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა.