პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პლენარული სხდომის დაწყებისთანავე სიტყვის გამოსვლისას ევროსტრუქტურებს მიმართა.
მან ევრობიუროკრატები უწოდა ევროკავშირის უმაღლეს ლიდერებს და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები კვლავ უსამართლო მიდგომებში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან უსაფუძვლო პრეტენზიები აქვს. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ყველა კანონი, რომლებიც მიიღო და მიიღებს „ქართული ოცნება”, არა რეპრესიული, არამედ სუვერენიტეტის დაცვისთვისაა, რომელსაც მისივე თქმით, ე.წ. „დიფ სტეიტი” და ევრობიუროკრატები გვართმევენ.
„აქედან ვუსვამ კითხვას, რომელი კანონით არის შეშფოთებული? – შემთხვევით გამჭვირვალობის კანონით ხომ არ არის შეშფოთებული ან ლგბტ თემის შემზღუდავი კანონით? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელი კანონებიც ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში მოქმედებს? ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელიც ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს ემსახურება?
როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უტიფრობა?! როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი, აუცილებელი და საჭიროა დემოკრატიისთვის, ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს.
როგორ ხელისგულზეა ყველაფერი! როგორ ხელისგულზეა ბინძური სცენარის აღსრულების მცდელობა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, როგორ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ ექსტრემიზმის მხარდაჭერის პირდაპირი მტკიცებულება!
მივმართავ ევრობიუროკრატებს – როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი ხელით იმ ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობებისთვის ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით. როდემდე უნდა გააგრძელოთ დესტრუქცია, ჩვენი საზოგადოებისა და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?!
პასუხი საზოგადოებამ გაგცათ და აბსოლუტურად სულ ყველას ამ პასუხთან შეგუება მოგიწევთ! – ამ ტრიბუნიდან ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის სახელით გეუბნებით: მიუხედავად თქვენი უამრავი ბინძური მცდელობისა ჩვენი ქვეყნის შვილები არასდროს იტყვიან უარს ღირსებაზე, იდენტობაზე, იმ სუვერენიტეტსა და თავისუფლებზე, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და რომლებისგანაც ევრობიუროკრატიისა და „დიფ სტეიტის“ ხელდასმული პოლიტიკოსები ხართ სრულიად დაცლილი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.