მთავარისაქართველო„ქართული ოცნება” საპროტესტო აქციების სამართლებრივი ადმინისტრირებისთვის კანონებს ამკაცრებს

„ქართული ოცნება” საპროტესტო აქციების სამართლებრივი ადმინისტრირებისთვის კანონებს ამკაცრებს

საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის ფარგლებში პლენარული სხდომები განახლდა. „ქართული ოცნების” დეპუტატები დაჩქარებული წესით ცვლიან სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში არსებულ კანონებს, რომლის თანახმად, საპროტესტო აქციების სამართლებრივი ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს.

მმართველი პარტიის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ასე უფრო დემოკრატიულად მოხდება საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციების გამართვა და პოლიციასაც მეტი ბერკეტი ექნება კანონის შესაძლო დამრღვევებთან დასაპირისპირებლად.

„მოწოდება, ადმინისტრაციული დაკავება, ჯარიმა არ აღმოჩნდა ქმედითი. მაინც გრძელდება კანონის დარღვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას გულგრილად ვეღარ შეხედავს და მიიღებს უფრო ქმედით ზომებს საკანონმდებლო დონეზე, რათა კანონი აღსრულდეს. ეს არ არის მიმართული კანონმორჩილი ადამიანების წინააღმდეგ. შეიკრიბება ის რაოდენობა ადამიანებისა, ვისაც შეუძლია, რუსთაველი გადაკეტოს?! გადაკეტონ, პოლიცია ამაში დაეხმარება და მოძრაობასაც მოაწესრიგებს, მაგრამ არის მცირე რაოდენობა, რომელიც ტროტუარსაც ვერ ავსებს და როცა მოესურვებათ გზას კეტავენ.

მე ამასწინათ შევთავაზე ერთი ექსპერიმენტი – ერთი ასი კაცი წავიდეს საქართველოდან, ყველამ შევუგროვოთ ფული, პარიზში, ან ბერლინში, ქალაქი თავად აირჩიონ, ცენტრალური პროსპექტი გადაკეტონ და რით დამთავრდება, მერე ვიხილავთ“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.

მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით „ქართული ოცნება” უფრო რეპრესიული გახდება. თავად კანონის ავტორები კი მიიჩნევენ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება წესრიგის დაცვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend