მთავარისაქართველოპარლამენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ორგანულ კანონს ცვლის

პარლამენტი ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის ორგანულ კანონს ცვლის

მმართველი პარტია დაჩქარებული წესით გეგმავს  ოპოზიციური პარტიების აკრძალვისთვის, საქართველოს ორგანულ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებების შეტანას. ამ ცვლილებით, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა შეეხება აკრძალული პარტიების წევრებსაც.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ კონკრეტული პარტია იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად, საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

„ქართული ოცნების” ლიდერები ამბობენ, რომ მთავარ საფრთხეს არა იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირები წარმოადგენენ ოპოზიციურ პოლიტიკოსებში, განსაკუთრებით პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან”.

ამ ცვლილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, ფიზიკურ პირს აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა.

„მათთვის ქვეყნის სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წესრიგი არაფერს წარმოადგენს. ეს ადამიანები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. როგორც სხვა ქვეყანაში აიკრძალებოდნენ, რისი ასობით მაგალითიც არსებობს ევროპის მასშტაბით, ზუსტად იმავე პრინციპით ვიმოქმედებთ. შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება – ქვეყანა გათავისუფლდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული და სურვილი აქვთ, ხელისუფლებაში აგენტურა იყოს. მათი დავალება კი ქვეყანას ომში გადაჩეხს“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

ამ საკითხზე „ქართული ოცნების” მთავარი სამიზნის, „ნაციონალური მოძრაობის”, ლიდერები მიიჩნევენ, რომ ამ აკრძალვებით, მათ ქვეყნის რეჟიმისგან დახსნის საქმეში ვერ შეაჩერებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend