მთავარისაქართველო„ქართული ოცნების” წევრები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების” წევრები ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკრიტიკებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ შეხვედრის გაუქმებას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში გააკრიტიკეს ის ფაქტი, რომ ელინა ვალტონენი საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. „ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მასთან ლაპარაკს და არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს.

„საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ, როგორი სიცრუის კასკადი მოდიოდა კონკრეტული მინისტრისგან. ამავდროულად, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ვნახეთ, რომ გარედან დაფინანსებულ და დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა ის და აკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც პირდაპირ ერევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. შესაბამისად, დამატებითი შეხვედრა, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია და ეს არის ერთ-ერთი დიპლომატიური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა.

ვხედავთ, რომ ამ კონკრეტულ ადამიანთან ლაპარაკს და არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იგი ავრცელებს აბსოლუტურ სიცრუეს და ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში რამენაირად გაამართლოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ზუსტად ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იყო ვიზიტით ჩამოსული და ეს ვიზიტი გამოიყენა იმისთვის, რომ მხარი დაეჭირა რადიკალური ჯგუფებისთვის. ამას შეჩვეული ვართ და მეორე პირდაპირ და უხეშად დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა, ამით დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი. დღეს დილით ქალბატონი მინისტრი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან ოძისში და როგორც გუშინდელ განცხადებებში, დღესაც ამ ნაბიჯით მას უნდოდა ეჩვენებინა სუვერენიტეტის პატივისცემა. თუმცა რა ფასი აქვს ოძისში სუვერენიტეტის მხარდაჭერის განცხადებას, როდესაც სუვერენიტეტს თავად არღვევ რუსთაველის გამზირზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ოპოზიციაში. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმების მიზანი არის ქვეყნის იზოლაცია.

„მთელი დღის განმავლობაში, როდესაც დაანონსდა ეუთოს თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი, „ქართული ოცნება” და მთელი პროპაგანდისტული მედია ფიქრობდა და ცდილობდა ამის ისე წარმოჩენას, თითქოს ამას რაღაც კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა რეჟიმის ლეგიტიმაციასთან. თუმცა რეალურად რაც გვანახა ამ ვიზიტმა, არის ის, რა განწყობაც აქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ, დამოუკიდებელ, ერთიან საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისთვის. და მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს.

კობახიძემ ეს შეხვედრა რომ გააუქმა, ნათლად მიუთითებს იმას, თუ საით მიდის რეჟიმი, მიუთითებს იმაზე, თუ რა გზა აქვს არჩეული საქართველოსთვის, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ფაქტობრივად აკარგვინებენ ყველა საერთაშორისო პარტნიორს და მეგობარს და მიუთითებს იმას, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიზანი არის ამ ქვეყნის იზოლაცია”, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ელინა ვალტონენთან დღეს, 15 ოქტომბერს, უნდა შემდგარიყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ფეისბუკგვერდზე გავრცელებული განცხადებით გახდა ცნობილი, რომ პრემიერ-მინისტრი ეუთოს თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას აუქმებს.

განცხადებაში წერია: „გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“.

ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გუშინ, 14 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე  საპროტესტო აქციაზე მივიდა.

„საქართველოში, თბილისში პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა გამოხატონ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიულ მოვლენებზე, მათ აქვთ გამოხატვის უფლება, და ყველა ის უფლება რაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ“, – დაწერა მან მოგვიანებით პლატფორმა იქსზე, სწორედ ეს გახდა „ქართული ოცნების” წევრების უკმაყოფილების მიზეზი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend