მთავარისაქართველოვის და რის აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება”

ვის და რის აკრძალვას გეგმავს „ქართული ოცნება”

„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული კონსტიტუციური სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს „კოლექტიური ნაცმოძრაობის” აკრძალვის საფუძველი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ 15 აპრილს. მაშინ ის „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა, ახლა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.

ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარებულია და „ქართული ოცნება“ იწყებს ამ ინიციატივის აღსრულებას.

15 ოქტომბერს მმართველი პარტია დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის ამოქმედების შემდეგ კონკრეტულ პირებს აეკრძალებათ პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა – აეკრძალებათ სხვა პარტიებში გაწევრებაც.

„ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ამ აკრძალვებით საერთაშორისო სტანდარტებს უახლოვდებიან.

„პარტია არ არის იურიდიული ფორმა, პარტიის არაკონსტიტუციურობას განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიის იდეოლოგები და მმართველები არიან. შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არა კონსტიტუციური ქმედებების გამო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკანონმდებლო ბაზა არ არსებობდა. ზუსტად ამ სტანდარტს ვამკვიდრებთ…

ლოგიკური და გასაგებია, რომ თუკი, პარტია არაკონსტიტუციურია, თუკი, პარტია შუღლს აღვივებს, თუკი პარტია ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, თუკი, პარტია კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, მოქმედებს არა როგორც იურიდიული პირი, არამედ, ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ. ასე რომ მნიშვნელოვანი ცვლილებაა…

„ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი „გუშინწინდელი წევრი“ დღეს სხვა პარტიაშია, მაგრამ გუშინწინდელი დანაშაულის გამო მას პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს. ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობთ, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენს სასარჩელო მოთხოვნაში, ვინც არიან მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, თუ ქოლგის ქვეშ მყოფი და ა.შ…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების გარდა ხელისუფლება გეგმავს, დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე შეიტანოს საკონსტიტუციო სარჩელი. „ქართული ოცნების“ სამიზნეები არიან ყოფილი სახელისუფლებო პარტია და მასთან დაკავშირებული ცალკეული პირები თუ პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებსაც მმართველი გუნდი მოიხსენიებს „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სარჩელი ემსახურება დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებას:

„ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება. ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. თქვენ იცით, რომ დღეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არიან წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მუდმივად არიან მომართული დესტრუქციისკენ. დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, საქართველოში არ შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება“.

სარჩელისა და კანონპროექტის პირველი სამიზნე არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიაში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური გაერთიანება არის არა უბრალო ქაღალდი, არამედ ღირებულებათა ერთობლიობა.

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა არ არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესი. „ლელოს“ კოალიციაში კი საქართველოში რუსულ-ბელარუსული პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრების მცდელობაზე საუბრობენ.

პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ჰყავს 9 ავტორი, მათ შორის „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი „ხალხის ძალის“ წევრები. ბოლო წლების განმავლობაში, წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია ამომრჩეველს არაერთხელ დაჰპირდა ნაციონალური მოძრაობის“ კონსტიტუციურად აკრძალვას და როგორც პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, საქართველოს გათავისუფლებას აგენტურისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend