რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ცნობებს სირიის დამხობილი პრეზიდენტისა და დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის, მოწამვლის შესახებ.
სერგეი ლავროვის მტკიცებით, ეს უბრალოდ ჭორია და როგორც ამბობს, „მათ სინდისზეა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს“.
დიპლომატის განცხადებით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახი რუსეთმა თავშესაფრით უზრუნველყო „წმინდა ჰუმანიტარული მიზეზით“.
გასულ კვირას გერმანულმა გამოცემა Zeit-მა ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბაშარ ალ-ასადი ცხოვრობს მოსკოვის ელიტური დასახლების ერთ-ერთ ცათამბჯენში, რომელსაც თითქმის არასდროს ტოვებს, ხოლო მთელ დღეებს ონლაინთამაშებში ატარებს.
ამავე გამოცემის თანახმად, სირიის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მოსკოვის ცენტრში არსებულ კომპლექსში 20-მდე ბინას ფლობს.
ინფორმაცია ბაშარ ალ-ასადის „მიზანმიმართულ მოწამვლასთან“ დაკავშირებით 2 ოქტომბერს გაავრცელა სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრმა.
უფლებადაცვითი ორგანიზაციის წყაროები აცხადებდნენ, რომ სირიელი დიქტატორი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში 20 სექტემბერს კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს.


