კიევში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი.
ის შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიჰას. ევროპელმა დიპლომატმა კიევის ცენტრში პატივი მიაგო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
მოგვიანებით, გაიმართა კაია კალასისა და ანდრეი სიბიჰას ერთობლივი პრესკონფერენცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ევრობლოკი რჩება უკრაინის ერთგული როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. მან ასევე ისაუბრა კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებისა და გაზრდის აუცილებლობაზე:
„უკრაინას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მიმდინარე წელს ევროკავშირს უკრაინისთვის გამოყოფილი აქვს რეკორდული რაოდენობის სამხედრო დახმარება. ევროკავშირის სანქციებმა უკვე წაართვა რუსეთს ომის დაფინანსებისთვის საჭირო ასობით მილიარდი ევრო. მალე მივიღებთ ახალ ზომებს, რაც მიმართული იქნება რუსეთის ენერგეტიკული, ფინანსური და სავაჭრო შემოსავლების წინააღმდეგ. რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ისედაც სუსტია, თუმცა კიდევ უფრო მეტად დავასუსტებთ…
შესაძლოა, ოდესღაც დრო რუსეთის მხარეს იყო, თუმცა ახლა ის უკრაინის მხარეზეა. თითოეული ევრო, რომელსაც ჩვენ რუსეთს ვართმევთ არის იმისთვის, რომ მათ ვეღარ შეძლონ ამ თანხის ომისთვის გამოყენება. როგორც პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, ბრძოლის ველზე უკრაინას შეუძლია, შეცვალოს მოვლენათა განვითარება რუსეთისთვის“.
Read my remarks at the press conference with @andrii_sybiha ↓https://t.co/jLTI3naq6V pic.twitter.com/M0amJpys4D
— Kaja Kallas (@kajakallas) October 13, 2025
კაია კალასის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომში კრემლი ხელშესახებ წარმატებას ვერ აღწევს, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ფრონტზე რუსული მხარე მნიშვნელოვან დანაკლისს განიცდის:
„კრემლის ზაფხულის შეტევა ჩავარდა, მის მინიმალურ ტერიტორიულ მონაგარს თან ახლავს დიდი დანაკლისი. ყველაფერი ეს უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცისა და ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერის დამსახურებაა.
ახლა რუსეთი ცდილობს, „აანაზღაუროს“ სამხედრო წარუმატებლობა უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმით. ევროკავშირმა უკრაინის მხარდასაჭერად უკვე გამოყო 800 მილიონი ევრო, ამ ზამთრისთვის. ვმუშაობთ დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რაც საჭირო იქნება გენერატორებისთვის, თავშესაფრებისა და ცივი ამინდებისგან თავდასაცავად.
როგორც მინისტრ სიბიჰასთან განვიხილეთ, რუსეთმა გაანადგურა სწრაფი მშვიდობის ყველანაირი იმედი, ამიტომ ჩვენ გრძელვადიან გეგმებზე ვმუშაობთ. ევროკავშირი უკრაინის სამხედრო გაძლიერებაზე მუშაობს და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის გამოყოფს 2 მილიარდ ევროს. ჩვენ ასევე გავაფართოებთ უკრაინაში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის მანდატს, რაც მოიცავს კიბერუსაფრთხოებასა და ვეტერანების მხარდაჭერას.
ვინაიდან რუსეთის ომი გრძელდება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის“.