ვინ დაგეგმა და ჩაშალა 4 ოქტომბრის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობა“ – სწორედ ამ შეკითხვაზე ეძებენ ქართულ პოლიტიკაში პასუხს, რომელიც ახსნის და საკუთარ სახელს დაარქმევს ამ დღეს და ამ დღემდე განვითარებულ მოვლენებს. საინიციატივო ჯგუფ „რუსთაველის გამზირის“ მიერ ორგანიზებული სახალხო-პოლიტიკური აქტივიზმის ღიად ყველაზე დიდი მხარდამჭერი პარტია ოპოზიციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. პარტიის ლიდერები ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფენ და პროცესში, როგორც მხურვალე მხარდამჭერად პოზიციონირებენ. ამბობენ, რომ არც ორგანიზებასა და არც ჩაშლასთან კავშირი არ აქვთ.
„თავს უფლებას ვაძლევ, ასე თამამად ვილაპარაკო ამ თემაზე, რადგან მათი ოჯახის წევრები იქნება, უშუალოდ ორგანიზატორების ოჯახის წევრები, თუ თავად ორგანიზატორებიც დაკავებამდე ღიად საუბრობდნენ ღალატზე, გეგმის არევაზე. ღიად საუბრობდნენ, რამდენად იყო ამ გეგმის ნაწილი საერთოდ ათონელის სასახლესთან ჩასვლა. ის, რომ პაატა ბურჭულაძე მანამდე არაერთგზის გამოხატავდა, აირწინაღიც კი არ უნდა ყოფილიყო საჭირო მათ მიერ შემუშავებული გეგმის ბოლომდე მისაყვანად, იყო ფაქტი. კაცი იყო მისული ოფიციალური ტანსაცმლით და 8 წლის შვილიშვილთან ერთად. არ მგონია, მას იმ სცენის ნახვა სურდა, რაც ჩვენ ათონელზე ვიხილეთ. მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს ძალიან დიდ ღალატთან, გეგმის არევასთან, ამ ადამიანებთან დეზინფორმაციული ნაკადის მიწოდებასთან.
ძალიან მძიმე საკითხია, რადგან ეს ადამიანები ციხეში სხედან და ნამდვილად არ მინდა მათთვის დამატებითი წნეხის დაწესება, რომ გამოვიდნენ და ყველაფერი მოყვნენ, მაგრამ მგონია, რომ ეს უკვე ვალდებულება არის. უნდა ითქვას, ზუსტად რა იყო ჩანაფიქრში 4 ოქტომბერს, „ქართულ ოცნებას“ რომ ხელ-ფეხი არ გაეხსნას, კიდევ უფრო დამატებითად რომ ილაპარაკოს, „სხვანაირად კი არ უნდოდათ, ასე უნდოდათ და ჩვენ ვიცოდით“, ასე შემდეგ. მთავარია, ითქვას, ვინ არიან ის მოღალატეები, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, ვისზეც მათ შორის დაკავებამდე ბატონი მურთაზ ზოდელავა საუბრობდა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ.
ე.წ. „მშვიდობანი დამხობის“ ადრესატ „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკისრება. მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებით, მათთვისაც საინტერესოა, თუ კულისებს მიღმა ვინ დაგეგმა და ვინ ჩაშალა ეს გეგმა.
„ადვოკატები ცდილობენ, ეს საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს გადატრიალება კი არ იყო, არამედ სპონტანური, მშვიდობიანი აქცია. მშვიდობიანი რომ არ იყო, იმ ქმედებებით დადასტურდა, რაც ვიხილეთ. პაატა ბურჭულაძემ თქვა, პრეზიდენტის ეზოში კი არ შევიჭერი, სპეცრაზმისა და ახალგაზრდების დაშორება გვინდოდაო. ეს მაშინ, როცა ბურჭულაძემ „დასატყვევებლების“ სია წაიკითხა. ზოდელავამ თქვა, პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდეთ, გასაღები უნდა ჩავიბაროთო. ასეთ ვითარებაში იმის მტკიცება, რომ არაფერს აპირებდნენ, სულ მცირე, სასაცილოა.
ღალატი მხოლოდ შენიანს შეუძლია, უცხო ვერ გიღალატებს და მისგან ერთგულებას არ უნდა ელოდო. თავად გაერკვნენ ამ საქმეში და თქვან, რას აპირებდნენ, რა გეგმა ჰქონდათ და ვინ რა როლი ითამაშა გადატრიალების საქმეში. ამას გამოძიებას თუ ეტყვიან, ეს მათ განაჩენზეც აისახება. არ უნდათ, წარმოაჩინონ, რომ ეს ყველაფერი დიდი ქსელი იყო. თავის დროზე მუშტებს იქნევდნენ და დასაპატიმრებელთა სიებს კითხულობდნენ, ახლა თავს იმართლებენ და ბუჩქებში იმალებიან, ვითომ საქმის კურსში არ იყვნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ მსგავსად ოთხ ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში „გახარია – საქართველოსთვის“. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა ფლანგმა დაგეგმა, მეორე ფრთამ კი ჩაშალა ე.წ. „მშვიდობიანი დამხობა“.
პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე, 4 ოქტომბრის აქციის გამოკვეთილი შედეგი ბოლო მონაცემებით, 46 ახალი პატიმარია.
ავტორი: ალეკო გვეტაძე