ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ნატოსთან შესაძლო ომის ე.წ. „ნულოვან ფაზაში“ შევიდა – ეტაპზე, რომელიც გულისხმობს საინფორმაციო და ფსიქოლოგიური საფუძვლის შექმნას პოტენციური ღია ომისთვის.
ინსტიტუტის ეს შეფასება უკავშირდება რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე უნიშნო ფორმაში მყოფი რუსი სამხედროების გამოჩენის ფაქტს. პარასკევს, 10 ოქტომბერს, ესტონეთის ხელისუფლებამ დროებით ჩაკეტა გზის მონაკვეთი სახელმწიფო საზღვართან მას შემდეგ, რაც ესტონელმა სასაზღვრო ოფიცრებმა შენიშნეს უნიფორმის გარეშე მოქმედი რუსი სამხედროების მცირე ჯგუფი.
ოფიციალური ტალინის ცნობით, ეს პირები არ იყვნენ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები. საზღვართან მათი გამოჩენა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც მოსკოვის მხრიდან რამდენჯერმე დაფიქსირდა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.
ექსპერტების შეფასებით, ამგვარი ფაქტები მიანიშნებს, რომ კრემლი შესაძლოა ამზადებდეს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ნიადაგს ნატოსთან პოტენციური ღია ომისთვის.
ISW აღნიშნავს, რომ ესტონეთის საზღვართან დაფიქსირებული სამხედროები შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. „მწვანე კაცუნების“ ფენომენის მაგალითად – ეს არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს რუს სამხედროებს უნიშნო ფორმებში, სამხედრო იდენტიფიკაციის გარეშე.
ინსტიტუტის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როცა „მწვანე კაცუნების“ ჩართულობა დაფიქსირდა ნატოს წევრი ქვეყნის საზღვართან.
შეგახსენებთ, ტერმინი „მწვანე კაცუნები“ ფართოდ გავრცელდა 2014 წელს, როცა ყირიმში გამოჩნდნენ შეიარაღებული, მწვანე ფორმაში ჩაცმული, მაგრამ ოფიციალური იდენტიფიკაციის ნიშნების გარეშე მოქმედი სამხედროები, რომლებიც მოგვიანებით დადასტურდა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები იყვნენ.