მთავარიაზიაღაზაღაზაში კვლავ საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია

ღაზაში კვლავ საკვებისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია

ღაზაში მეოთხე დღეა აფეთქებების ხმა აღარ ისმის – მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს კვლავ უჭირთ საკვების შოვნა.

გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხში პროგრესია, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მშიერი მოსხლეობა კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული დახმარებით დავირტთული ავტომობილებიდან საკვების მოპარვას.

„ყველა თავს ესხმის ღაზის მოსახლეობისთვის გამოგზავნილ დახმარებას და ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ მოვდივართ და ვყიდულობთ პროდუქტს, მაგრამ ქურდობაზე რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ. რაც არ უნდა დაგვჭირდეს სახლში, ყველაფერს ვყიდულობთ. შეხედეთ, ყველა მიდის სატვირთო მანქანებთან, დახმარებისკენ და ძარცვავენ“ – ამბობს ღაზის ერთ-ერთი მკვიდრი.

კვირას, 12 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მესამე დღეს, ჰუმანიტარული დახმარების გამცემ სააგენტოებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე დაეწყოთ საჭირო პროდუქციის რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება.

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარტის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა საკვების მომზადებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მარაგები. სხვა დახმარება მოიცავს ფქვილს, ხილსა და ხორცს.

გაეროში აცხადებენ, რომ ოფიციალურ პირებს ასევე მიეცათ დამატებითი წვდომა სამედიცინო აღჭურვილობის გადასატანად და ზამთრის დადგომამდე  წყალდიდობის რისკის არეალებიდან პალესტინელების უფრო უსაფრთხო ადგილებში გადასაყვანად.

ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ისინი ამავდროულად ემზადებიან ღაზის სექტორში დახმარების გასაზრდელად, განსაკუთრებით საკვების კუთხით, რომელიც ბევრ რაიონში კრიტიკულად დეფიციტურია.

ისრაელის თავდაცვის დეპარტამენტში, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, მალე ადგილზე დღეში დაახლოებით დახმარებით დატვირთული 600 სატვირთო შევა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 67 600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას ისრაელზე კი 1200 ისრაელელი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. ისრაელი სწორედ დღეს ელის ცოცხლად გადარჩენილი ტყვეების საბოლოოდ გათავისუფლებას. ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც სწორედ ეს იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend