მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე - რეალური შანსი თუ პოლიტიკური სურვილი?

დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე – რეალური შანსი თუ პოლიტიკური სურვილი?

10 ოქტომბერს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი გამოაცხადებს, ვინ მიიღებს 2025 წლის ნობელის მშვიდობის პრემიას. წელს ყურადღების ცენტრში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია, რომელსაც, მისი მტკიცებით, ჯილდო არაერთი საერთაშორისო კონფლიქტის დასრულებისთვის ეკუთვნის.

ტრამპი არაერთხელ გამოჩნდა საჯაროდ მოთხოვნით, რომ ნობელის პრემია მას მიენიჭოს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს არაერთმა მსოფლიო ლიდერმა – მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პაკისტანის მთავრობამ.

ნორვეგიული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დაურეკა იენს სტოლტენბერგს, ნატოს ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად ნორვეგიის ფინანსთა მინისტრს, რათა ლობირება გაეწია პრემიის მისთვის მინიჭებისთვის.

მიუხედავად მხარდაჭერისა, ნორვეგიის ნობელის კომიტეტი განმარტავს, რომ ზეწოლა და კამპანიები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენს. კომიტეტის თავმჯდომარის, იორგენ ვატნე ფრიდნესის თქმით, არჩევანი ყოველთვის პრინციპებზე და ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება.

დონალდ ტრამპს, რა თქმა უნდა, ჰყავს მხარდამჭერები როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ – თუმცა, მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრის, PRIO-ს დირექტორი, ნინა გრეგერი ბიბისის ეუბნება, რომ ტრამპის გამარჯვება ნაკლებად მოსალოდნელია.

“ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და პარიზის კლიმატის შეთანხმებები და თუ დააკვირდებით ტრამპის სურვილს, დანიისგან გრენლანდია წაართვას… ეს არ მეტყველებს საერთაშორისო თანამშრომლობის სასარგებლოდ“,-განმარტავს გრეგერი.

1901 წლიდან ნობელის კომიტეტის წევრები ყოველ წელს ფარულად იკრიბებიან – არც აცხადებენ, როდის მსჯელობენ და არც ჟურნალისტებს აძლევენ საშუალებას, რომ მათი ბოლო შეხვედრა ნახონ.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მცველები – პარასკევს გამოაცხადებენ, ვის მიანიჭებენ ნობელის მშვიდობის პრემიას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend