სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე.
სუსის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
უწყების განცხადებით, გიორგი ქემოკლიძემ „პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს”.
როგორც სუსის განცხადებაში წერია, „გიორგი ქემოკლიძემ ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა სხვა პატიმარი, რომელთანაც გიორგი ბაჩიაშვილმა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოჰყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება”.
8 ოქტომბერს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.