ოთხ ოქტომბერს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკვე 36 პირია დაკავებული. მათი ნაწილის ვინაობა ცნობილია. ბოლო დაკავებულის შესახებ შსს-მ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავცელა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს. სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთამინისტრის მოადგილემ 12 პირის დაკავების შესახებ, 8 ოქტომბრის ღამეს გამართა ბრიფინგი, თუმცა ალექსანდრე დარხველიძეს დაკავებულთა ვინაობა არ დაუსახელებია.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულთა შორის არიან ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც. მისივე განცხადებით, დკავებულთა ქმედებები იყო „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი.”
4 ოქტომბრის აქციის საორგნოზიაციო კომიტეტის ხუთივე წევრს, აღკვეთის ღონისძების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის ღამითვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 4 მუხლით მიმდინარეობს.
ასევე, გუშინ, 8 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციაზე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გამოყენების აუცილებლობა დაასაბუთა „დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების”, მტკიცებულებათა განადგურების – მოწმეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის სხვაგვარად შეშლისა და მიმალვის რისკებით. მისი თქმით, სასჯელის შედარებით მსუბუქი ფორმის გამოყენება ,,აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას” ვერ უზრუნველყოფდა.
ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს გამოყენება შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. სხდომის დაწყებისას, ვიდრე სასამართლო ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებდა, ადვოკატებმა მოსამართლის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენეს და მისი აცილება მოთხოვეს. ეს კი იმით ახსნეს, რომ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი წლების წინ „ქართულ ოცნების“ წევრი იყო.
მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ მისი აცილების საფუძველი არ არსებობდა და ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.