აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში და მისი დემოკრატი კოლეგა, ჯინ შაჰინი საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებისა და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის ნაბიჯების შესახებ კრიტიკულ წერილს აქვეყნებენ.
ორი სენატორი ერთობლივ განცხადებაში აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას – ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრალვის თაობაზე.. მათი თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი ნიშანია და აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დიალოგით დაინტერესებული არ არის.
„ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებული ვართ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარებითა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები და დააპატიმროს მათი ლიდერები, აღმაშფოთებელი და არადემოკრატიულია, და კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური დიალოგი“, – წერია სენატორების განცხადებაში.
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „ქართულ ოცნებას“ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში სდებენ ბრალს და მიესალმებიან სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, საქართველოს ელჩის დაბარების შესახებ, „ბოლოდროინდელი შემაშფოთებელი განცხადებების გამო“.
„მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე სახის ცვლილების შეტანამდე განიხილოს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები. ორპარტიულ, ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელსაც უბრალოდ თვითგამორკვევის უფლების მოპოვება სურს“, – ვკითხულობთ ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.