რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმავალი პროგრესი შეჩერებულია და კიევის ევროპელი მოკავშირეები დაადანაშაულა “დიპლომატიური იმპულსის” შელახვაში.
„სამწუხაროდ, ანკორიჯიდან შეთანხმებების მისაღწევად არსებული ძლიერი იმპულსი დიდწილად ამოწურულია“, – თქვა რიაბკოვმა სახელმწიფო მედიასთან საუბრისას.
„ეს ევროპელების დესტრუქციული ქმედებების შედეგია.“
15 აგვისტოს ანკორიჯში, ალიასკაში, პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღეს სამიტში, რომელიც თავდაპირველად უკრაინის სამშვიდობო პროცესის გაღრმავების შესაძლებლობად მიიჩნეოდა. თუმცა, შეხვედრა მნიშნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა, რის შემდეგაც ტრამპი მოსკოვის მისამართით უფრო ხისტი გახდა და არაერთხელ განაცხადა, რომ „იმედგაცრუებულია“ პუტინით.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც შტატებში უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდება განიხილეს – მალევე პუტინმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი „ესკალაციის ახალ დონეს“ გამოიწვევდა.
რიაბკოვის თქმით, “ტომაჰავკების” უკრაინისთვის გადაცემა „სიტუაციაში თვისებრივ ცვლილებას“ გამოიწვევს, თუმცა არ შეცვლის რუსეთის მიზნებს. „ვიმედოვნებ, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ ამ გადაწყვეტილების შედეგების სიმძიმეს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ვაშინგტონთან ურთიერთობების სტაბილიზაციის მცდელობები ინგრევა და პასუხისმგებლობა ამერიკელებს ეკისრებათ. „ჩვენი ურთიერთობები იბზარება და ინგრევა – ნგრევა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე შენება“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
დიპლომატმა ასევე თქვა, რომ მოსკოვი მზად არის, ურთიერთობების აღსადგენად, თუმცა „მეორე მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.“