სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ ცამეტივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამი სხდომა გაიმართა.
საქმეში ბრალდებულ ოთხ პირს – დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, აბო ნავერიანსა და თორნიკე მჭედლიშვილს პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.
პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის გამოყენების აუცილებლობა ,,დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების”, მტკიცებულებათა განადგურების – მოწმეებზე ზემოქმედებისა და გამოძიებისთვის ხელის სხვაგვარად შეშლისა და მიმალვის რისკებით დაასაბუთა.
მისი თქმით, შედარებით მსუბუქი ფორმის გამოყენებით ,,აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა” უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა.
ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს გამოყენება შესთავაზეს, თუმცა სასამართლო პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.
სხდომის დაწყებისას, ვიდრე სასამართლო ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებდა ადვოკატებმა მოსამართლის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენეს და მისი აცილება მოთხოვეს. ეს კი იმით დაასაბუთეს, რომ სწორედ მოსამართლე ლელა მარიდაშვილი უძღვებოდა ოთხი ოქტომბრის აქციის ორგანიზატორთა საამართლო სხდომას და მან მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდებაზე.
,,ვერავინ დაგვაჯერებს, რომ თქვენ დღეს განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ”, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა სხდომათა დარბაზში მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებისას.
მოსამართლემ კი მიიჩნია, რომ მისი აცილების საფუძველი არ არსებობს და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღესვე ბრალდებულმა თორნიკე მჭედლიშვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ იგი დაკავების შემდეგ სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა და ამასთან, პოლიციელები მას ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდნენ.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო საქმეში ბრალდებული კიდევ ოთხ პირის -ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძისა და გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება.
პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება ამ შემთვევაშიც იგივე არგუმენტებით დაასაბუთა და განაცხადა, რომ ბრალდების მხარე ,,მომეტებულად მიიჩნევს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.”
ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ფორმის – გირაოს გამოყენება სთხოვეს.
ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის, ალექსანდე გოგოლაძის ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ სასამართლოს აცნობა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს სიმსივნე აქვს და ამასთან, გადატანილი აქვს გულის ინფარქტი, რის გამოც მისი პატიმრობაში ყოფნა სერიოზულ რისკებს უკავშირდება.
თავად ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ იგი 4 ოქტომბრის აქციაზე ,,არაფერს შეხებია.” ადვოკატიც აღნიშნავს, რომ კადრებში, რომლებიც პროკურატურას საქმეში აქვს წარმოდგენილი, მხოლოდ ის ჩანს, რომ ალექსანდრე გოგოლაძე აქციაზე იმყოფება.
კიდევ ერთი ბრალდებული, დავით ჟღენტი ამბობს, რომ დაკავებისას და დაკავების შემდეგ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის სასახლის დაცვის თანამშრომელმა სცემეს.
ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს ვახო ფიცხელაურიც – კიდევ ერთი ბრალდებული. მას და დარჩენილ ოთხ პირს – ბექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილსა და სერგი მეგრელიშვილს
პატიმრობა მოსამართლე ნანა შამათავამ შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ პატიმრობა შეუფარდა.
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალი ედებათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების ჯგუფურ მცდელობაში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებაში.
პაატა მანჯგალაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებიან.