უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში საბრძოლო პოზიციებს ყველა შესაძლებელი შეიარაღებითა და ტაქტიკით ამაგრებენ. მებრძოლთა ნაწილი სწორედ იმ ოლქშია დაბადებული სადაც ახლა აქტიური საბრძოლო მოქმედებებია.
„ვხედავ, როგორ განადგურდა ახლახან ჩემი სკოლა და კულტურის ცენტრი, სადაც ცეკვაზე დავდიოდი. როდესაც ვუყურებ ვიდეოებს, რომლებიც ჩემს ქალაქშია გადაღებული, გული მტკივა. თვალწინ მიდგება ჩემი ცხოვრება. ის დრო, როდესაც პატარა გოგო ვიყავი და ყველაფერი ასე ძვირფასი იყო ჩემთვის. ფიქრები მეძალება. ეს ძალიან მტკივნეულია. ზოგჯერ ჩვენ დრონით ვზვერავთ გარემოს და მაქვს საშუალება, ჩემი სახლისკენ მივმართოთ. ეს ჩემი სახლია, ჩემი მშობლების სახლი და ვხედავ, როგორ ნადგურდება“, – ამბობს 33 წლის ქალი სამხედრო მოსამსახურე.
რამდენიმე კვირის წინ დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე უკრაინის ერთ-ერთი გამორჩეული დანაყოფის – „აზოვის“ მებრძოლები განალაგეს. ფრონტის 1250-კილომეტრიან ზოლზე ყველაზე აქტიური სწორედ ეს მონაკვეთია.
კიევმა ერთ დღეში დონეცკის ოლქის ცენტრალურ მიმართულებაზე 80-ზე მეტი რუსული იერიში მოიგერია. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასახლებაა, მაგალითად, კრამატორსკი და პოკროვსკი, რომელთა აღების შემთხვევაში რუსეთს შემდგომი წინსვლისთვის კარგი პლაცდარმი ექნება.
„ყველამ ვიცით, რომ კრამატორსკი გორაკზე მდებარე ქალაქია, და ვისაც კრამატორსკი ეკუთვნის, მას ეკუთვნის დონბასი. მათთვის უფრო ადვილია, უბრალოდ გვერდი აგვიარონ. ახლა უამრავ ჯარისკაცს გზავნიან, ეს, ფაქტობრივად, წყვდიადია. უამრავი სამხედრო, დრონი და სხვა რამ მოქმედებს ჩვენ წინააღმდეგ. იმისთვის, რომ ეს ტერიტორია დავიცვათ, ამ ომის საშინელ დეტალებს უნდა ჩავუღრმავდეთ. ყველაფერი გამოვა და კარგად იქნება. ერთ დღესაც ისევ თქვენთან ერთად ვიდგებით აქ და გადავიღებთ ვიდეოს, თუ როგორ იქნება ეს ტერიტორია ჩვენი. იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. იმედი მაქვს, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმისგან, რაც დაგეგმეს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს გამოგვივიდეს. არ დავნებდებით, არ შეგვიძლია ასეთ რამეებზე ფიქრი“, – აღნიშნა „აზოვის“ ბრიგადის მებრძოლმა მეტსახელად „გროსერმა“.
დონეცკის ოლქი, რომელშიც 2014 წლამდე 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო, ათი წელია სასტიკი ბრძოლის კერაა. უკრაინისთვის დონეცკის ოლქი ის ტორიტორიაა, რომლის დაცვისა და რუსი ოკუპანტებისგან გაწმენდის ომში უკრაინელი მებრძოლების ახალი თაობა ჩამოყალიბდა.
იმ მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ, რომელიც რეგიონზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარეობს, უკრაინელები შიშობენ, რომ მისი დაცემა არა მხოლოდ ათასობით დაკარგულ სიცოცხლეს გააუფასურებს, არამედ ქვეყანას არასტაბილურობისთვისაც გაწირავს. მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ფრონტის ხაზზე რუსეთის ამბიციები დონეცკში დასრულდება და წინ აღარ წაიწევს. ოფიციალური ცნობებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინამ 200 რუსული იერიში მოიგერია.