ვიდრე ევროკავშირი მიისწრაფვის სრულად გახდეს რუსული ენერგეტიკისგან დამოუკიდებელი, უნგრეთის პოპულისტი ხელისუფლება არ ცდილობს, უკან დახევას და კვლავ უცვლელ პოზიციას ინარჩუნებს.
ვიქტორ ორბანის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, არ მალავს, რომ კრემლი მისთვის მტკიცე და სანდო მოკავშირეა.
ორბანის მთავრობას აზრი ვერც უკრაინაში რუსულმა აგრესიამ შეაცვლევინა. უნგრეთი კვლავ რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული და მეტიც – არც პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ რუსული ნედლეულის შესყიდვით ხელს უწყობს კიევის წინააღმდეგ სამხედრო იერიშების დაფინანსებას. ბუდაპეშტში ამტკიცებენ, რომ ბაზრის შეცვლა ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს.
„რუსეთი სანდო პარტნიორია. გეოგრაფიული და ფიზიკური მიზეზების გამო ცენტრალურ ევროპაში, უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება ვერ იქნება გარანტირებული რუსეთის გარეშე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ სექტემბერში, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ.
„თუკი უნგრეთი დარჩება რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე, მაშინ სულ რაღაც რამდენიმე წუთში უნგრული ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. ეს იქნება კატასტროფა. უნგრული ეკონომიკა დაიქცევა“, – თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყნის სახელმწიფო მაუწყებელთან საუბრისას.
უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ენერგოექსპერტებს. მათთვის ბევრად პრიორიტეტულია, შეწყდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დაფინანსება, რომლითაც უკრაინის გარდა, საფრთხე ექმნება მთელ ევროპულ კონტინენტს. ექსპერტები ამბობენ, რომ ორბანის ხელისუფლების პოზიციას „რაციონალური ახსნა არ აქვს“.
„ხშირად ადამიანები რაღაცებს არასწორად იგებენ. ბევრი ფიქრობს, რომ უნგრეთი რუსულ ენერგეტიკას ყიდულობს მატერიალური სარგებლის გამო, თუმცა ეს ასე არ არის. უნგრეთი რუსულ ენერგეტიკას ყიდულობს, რადგან ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, დაეხმაროს რუსეთს შეიარაღებაში. ამასთან, 2022 წლიდან ევროკავშირის შეღავათების დამსახურებით, უნგრულმა ხელისუფლებამ ასობით მილიარდი იშოვა. ნავთობის იმპორტი შესაძლებელია სხვადასხვა წყაროდან. ნავთობსადენი „ადრია“ უკვე არაერთი ათწლეულია მუშაობას. შეიძლება დავამტკიცოთ, რომ მას შეუძლია წელიწადში 11-12 ან 14-15 მილიონი ტონის გატარება“, – ამბობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მიკლოშ ლასლო.
„ადრიას“ ნავთობსადენის გამოყენების აზრს ეწინააღმდეგება პიტერ სიიარტო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ექსპერტებს საკითხის უცოდინარობაშიც კი ადანაშაულებს.
„ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებს უწოდებენ, კითხულობენ, რატომ არ ყიდულობს უნგრეთი ნავთობს ხორვატიის მეშვეობით, იქ ხომ არის მილსადენი. საქმე ისაა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი ცდა ჩატარდა იმის გასაგებად, შეეძლო თუ არა „ადრიას“ ნავთობსადენს უნგრეთისა და სლოვაკეთის უწყვეტი მომარაგება. ამ ცდებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ „ადრიას“ ნავთობსადენი ჯერ კიდევ არ არის გამოსადეგი უნგრეთისა და სლოვაკეთის ნედლეულით საკმარისი და უსაფრთხო მომარაგებით“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უნგრეთი არ არის ევროკავშირის ერთადერთი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევრობლოკმა ვერ გადაათქმევინა რუსული ნედლეულის შესყიდვა. ორბანის მსგავსად იქცევა სლოვაკეთიც.
„არავინ უნდა, მიგვითითოს, სად ვიყიდოთ ნავთობი და გაზი. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც თავად განსაზღვრავს ენერგეტიკის ბალანსს“, – თქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ.
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს წესს, რომლის თანახმადაც, რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა აღარავის შეეძლება, ამ ბიზნესს ბოლო მოეღება. ამ ფორმით, 2027 წლის ბოლოსთვის და არაუგვიანეს 2028 წლის დასაწყისისა, ჩვენ ტექნიკურადაც კი ვეღარ შევძლებთ რუსული ნედლეულის შესყიდვას“, – ამბობს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, მიკლოშ ლასლო.
ექსპერტები ბუდაპეშტსა და ბრატისლავას სიჯიუტესა და მოსკოვის მოკავშირეობაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, კრემლის ნედლეულზე უარის თქმა მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხია და საუბარი ეკონომიკურ უკუსვლასა თუ ინფრასტრუქტურულ წინაპირობებზე მხოლოდ სპეკულაციაა. მკაფიო მაგალითად ისინი ჩეხეთს ასახელებენ.
სულ ცოტა ხნის წინ პრაღა იმპორტირებული ნავთობის ნახევარს რუსეთისგან იღებდა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით, თუმცა ახლახან ქვეყანამ ნედლეულის მიღება იტალიური მილსადენით დაიწყო.
თავის მხრივ, სწორედ „დრუჟბას“ მილსადენზე დარტყმით ცდილობდა კიევი უნგრეთისა და სლოვაკეთის დარწმუნებას, რომ მათი პოზიცია მცდარია.