ცრემლების გარეშე მომხდარს ცოტა თუ იხსენებს. ერთ დღეში მოკლული 1200 და 251 გატაცებული ადამიანი ისრაელელებისთვის უმძიმეს მოგონებად იქცა, რომელიც 2 წელია, არ ტოვებთ. „ჰამასის” სასტიკი ტერორისტული თავდასხმიდან ზუსტად 2 წელი გავიდა, ამ თარიღმა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის სპირალი შეუქცევადი გახადა. ომი გრძელდება, ათასობით ისრაელელი კი ითხოვს დასრულდეს ის, რაც ხელისუფლებამ ანკლავში ტერორისტების გასანადგურებლად წამოიწყო. თელ-ავივის ცენტრში მოქალაქეებმა აქცია დღეს, 7 ოქტომბერს, ისევ გამართეს.
„ორი წლის წინ დეიდაჩემი მისი კიბუცის წინ მოკლეს, ჩემი დეიდაშვილი კი ტყვედ აიყვანეს ღაზაში. 11 თვის თავზე ის „ჰამასმა” მოკლა, მაგრამ დღეს იქ ჯერ კიდევ რჩება 48 ადამიანი, ომი კი გრძელდება. არსებობს შეთანხმება მაგიდაზე, არსებობს საშუალება, დამთავრდეს ეს ომი და ყველა სახლში დავაბრუნოთ. ამას ყველა ვიმსახურებთ, ჩვენც, ჩვენი მეზობლებიც – ჩვენ გვსურს ეს ომი დასრულდეს და ყველა სახლებს დაუბრუნდეს”, – ამბობს ერთ-ერთი მონაწილე.
იმედის ნიშნები სწორედ ამერიკელმა პრეზიდენტმა გააჩინა. რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად „ჰამასი” დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებაზე დაითანხმა. ახლა დაჯგუფებისა და ისრაელის წარმომადგენლები ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში მოლაპარაკებათა მაგიდასთან სხედან და მეორე დღეა, ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას განიხილავენ. „ჰამასის” თანხმობა უკვე არსებობს ცეცხლის შეწყვეტაზე და ტყვეების გათავისუფლებაზე, თუმცა დროს ითხოვს.
„ეგვიპტეში მოლაპარაკებებზე ვცდილობთ, მოვხსნათ ყველა ის დაბრკოლება, რომლებიც ჩვენი ხალხის მისწრაფებას ეღობება. ეს კი გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, საოკუპაციო ჯარის ღაზიდან გასვლას, ჰუმანიტარული დახმარების ანკლავში შესვლასა და დევნილების დაბრუნებას. ასევე რეკონსტრუქციის დაწყებას პალესტინის ტექნოკრატიული მთავრობის პირობებში”, – ამბობს „ჰამასის” სპიკერი, ფავზი ბარჰოუმი.
ჯერ ბუნდოვანია „ჰამასის” პოზიციები ტრამპის გეგმის სხვა ნაწილზე, რომელიც „ჰამასის” განიარაღებასა და პალესტინის მომავალ მთავრობაში მის რაიმე ჩართულობაზე უარს გულისხმობს. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი შეეცდებიან, ამ საკითხსაც მოჰფინონ ნათელი.
„პრეზიდენტი ნეთანიაჰუ ამ გარიგების მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი, როგორც პრინციპში ყველა სხვა ერი. ამ გარიგებაზე მართლაც ბევრი ქვეყანა მუშაობს, რათა ის მალე გავაფორმოთ. ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ ამ გარიგებას, ეს იქნება ღაზის შეთანხმება, დარწმუნებულიც კი ვარ ამაში. ისრაელში ათასობით ადამიანი ელოდება ტყვეების დაბრუნებას, შეთანხმება შედგება და ის იქნება ხანგრძლივი. ჩვენ ასევე მივიღეთ პოზიტიური გზავნილი ირანიდან, მათაც სურთ ეს გარიგება”, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
21-პუნქტიანი გეგმის თანახმად, ისრაელის ძალები ნელ-ნელა დატოვებენ ანკლავს, ეს „ჰამასის” განიარაღების ფონზე უსაფრთხოების უზრუნველმყოფი საერთაშორისო ძალებით უნდა მოხერხდეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ღაზაში ომის გამო საერთაშორისო კრიტიკის ხანგრძლივი ობიექტია, ტრამპის გეგმას იწონებს, თუმცა თუ მასში რამე არასწორად წარიმართება, იცის, რომ აშშ-ის პრეზიდენტის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
ორწლიანი ომის შედეგად 70 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა, უცნობია, რამდენი იყო მათგან დაჯგუფების მებრძოლი და რამდენი უდანაშაულო მსხვერპლი. ომმა გაანადგურა ქალაქები და სოფლები. 2-მილიონიან ანკლავში გადარჩენილთაგან 90% დევნილობაში, ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. წითელი ჯვარი ოჯახებს მათ ძიებაში ეხმარება.
„ეს არ ყოფილა მხოლოდ ომის 2 წელი – ეს იყო ტრაგედიების, ტანჯვის, დევნილობის, უსახლკარობის, შიმშილის ორი წელი. ამ დროში ფსიქოლოგიური სტაბილურობა, ფინანსური სტაბილურობა, ემოციური სტაბილურობა არ გვქონია. ამ ორ წელიწადში 8-ჯერ მაინც შევიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი. ყოველ ჯერზე ჩემი სული ტოვებდა ჩემს სხეულს”, – ამბობს იძულებით გადაადგილებული მაჰა შბეინი ღაზიდან.
ამასთან ღაზა შიმშილის პირასაა, ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შესვლა გართულებულია, რადგან ტერორიზმის მაღალი რისკის გამო ისრაელი ამას მკაცრად აკონტროლებს. გრეტა ტუნბერგისა და ათობით სხვა აქტივისტის მცდელობა ანკლავში ჰუმანიტარული დახმარებით მოხვედრილიყვნენ, კვლავ მარცხით დასრულდა. საბერძნეთში დეპორტირებულები ისრაელის მთავრობას პალესტინელების გენოციდში ადანაშაულებენ, რასაც თელ-ავივი უარყოფს.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ ასე ბოროტები, რომ ტყვეობაში მყოფი მილიონობით ადამიანი განზრახ აშიმშილო, ესაა შევიწროების, აპარტეიდის, ოკუპაციის გაგრძელება. ის, რომ ჩვენი მისია ადგილზე არ შეუშვეს, სირცხვილია, ისრაელი აგრძელებს გენოციდს, იმ მიზნით, რომ გააქროს მთელი მოსახლეობა, ჩვენს თვალსა და ხელს შუა. რაც ჩვენ შეგვეძლო ესეც მინიმუმია, რისი გაკეთების საშუალებაც არ მოგვეცა”, – აღნიშნავს აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
ვიდრე წითელი ზღვის მახლობლად შარმ ელ-შეიხში „ჰამასსა” და ისრაელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბრძოლო მოქმედებები ჯერ ისევ არ შეწყვეტილა. დაკავება გრძელდება დასავლეთ სანაპიროზეც, მათ შორის დღესაც.