საქართველოს პროკურატურამ 13 პირს ბრალდება წარუდგინა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე.
უწყების თანახმად, ბრალდება წარედგინათ: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, სერგო მეგრელიშვილსა და დავით ჟღენტს.
პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე, პირველ ეტაპზე, დადგენილია 15 პირის ბრალეულობა. მისი თქმით, ორი პირი მიმალვაშია, რომელთა დასაკავებლად მიმდინარეობს „შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“.