მრავალთვიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ გუნდსა და ევროკავშირის ელჩებს შორის კვლავ გრძელდება. პოზიციების შეუთავსებლობა, რამაც ორი მხარე ფაქტობრივად თანამშრომლობის შეჩერებამდე მიიყვანა, ახალ ფაზაში გადადის.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ცალკეული ელჩების მიმართ განაწყენების მიუხედავად, არ გამოიყენებს მკაცრ დიპლომატიურ პასუხს და ამ ელჩებს ქვეყნიდან არ გააძევებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ამბობს, სანამ ევროკავშირში ე.წ. „დიფ სტეიტის“ გავლენა არ მოიხსნება, მანამ ბლოკთან „ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში რჩებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს. საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სტეიტის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სტეიტის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება. პარალელურად კი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „დიფ სტეიტის“ გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე, რადგან უკვე კარგად ვიცით, რა შედეგი მოაქვს ამას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.
მიგვაჩნია, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულებით მივაღწევთ იმ შედეგს, რისთვისაც ვიღვწით“,- განაცხადა კირცხალიამ.
სანამ ირაკლი კირცხალია „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს მართავდა, პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ დიპლომატებთან შეხვედრა მიმდინარეობდა. უწყების მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ელჩებს „4 ოქტომბრის მზიანი დღის“ შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ევროკავშირთან „ცალმხრივი მეგობრობა“ მანაც დაადასტურა.
„4 ოქტომბერს საქართველოში პოლიტიკურად მზიანი ამინდი იყო. ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია. ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ობიექტურად იყოს საქართველოში მიმდინარე პროცესები შეფასებული და გაკეთდეს ობიექტური და სამართლიანი განცხადებები. შეკრება ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ დიპლომატიური კორპუსისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს, ასევე ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისში. ასევე საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და აქტორების მხრიდან და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არასწორად ასახავს და ეხმაურება განვითარებულ მოვლენებს, ქმნის მცდარ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით. პრემიერმაც არაერთხელ თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.
შეხვედრაზე მისული ელჩებიდან, მედიასთან მოკლე კომენტარი მხოლოდ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა. მისი განცხადებით, ევროსტრუქტურებში გაკეთებული განცხადებების მიღმა, დამატებით ვერაფერს იტყვის საქართველოში განვითარებული პროცესების შესახებ.
„აქ მომიწვიეს და ჩემს კოლეგებთან ერთად მოვედი საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის პირველმა მოადგილემ გაგვაცნო ხელისუფლების შეფასება მომხდართან დაკავშირებით, არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ. ამაზე ევროკავშირის შეფასება ძალიან მკაფიოდ იყო გამოთქმული უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ, გაეცნოთ კვირას გავრცელებულ განცხადებებს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩებთან გამართულ შეხვედრას, არ დაესწრო გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა საქართველოში გამართულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“. ამავე განცხადების თანახმად: „აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკური აქტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და ყველა მხარეს მოუწოდებენ, ძალადობისგან თავი შეიკავონ“.
ავტორი: ალეკო გვეტაძე