აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ბრიფინგისას მედიას განუცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ ესკალაციის არ აპირებს და დასძინა, რომ „ტომაჰავკის“ რაკეტების გადაცემამდე კიევს კითხვებს დაუსვამს, თუ რას აპირებენ და სად გაუშვებენ უკრაინელები ამ რაკეტებს.
„ტომაჰავკის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებაზე გადაწყვეტილება მივიღე, დიახ. მინდა ვიცოდე, რას აპირებს უკრაინა ამ რაკეტებით. სად გაუშვებენ ამ რაკეტებს? ამ კითხვის დასმა მომიწევს. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და არ დაიწყებოდა. ორივე მხარემ ძალიან ცუდად შეაფასა ვითარება. ამ კვირაში 7000 ჯარისკაცი დაიღუპა. ყოველკვირეულად 7000-8000 ჯარისკაცს კარგავენ. მე არ მინდა ესკალაცია, არ მსურს ამის ყურება, ამიტომ დავუსვამ მათ შეკითხვას, თუ რისთვის სჭირდებათ ტომაჰავკები“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ვაშინგტონში უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავენ.
ამასთან დაკავშირებით, სოჭში გამართულ კონფერენციაზე, განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც გააკეთა. მისი თქმით, ამ რაკეტებს მათთვის ზიანის მოყენება შეუძლია, მაგრამ ფრონტზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის.