საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი.
ევროკავშირის ლიდერების შეფასებით, 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპლაური არჩენვები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში მიმდინარეობდა“.
ერთობლივ წერილში საუბარია საქართველოს ხელისუფლების თავდაპირველ უარზე, ეუთო/ოდირის სადამვკირვებლო მისიის მოწვევის შესახებ, რამაც მათი შეფასებით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო დამკვირვებლების, კერძოდ, ეუთო / ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა და სანდო და შინაარსიან საერთაშორისო დაკვირვებას ხელი შეუშალა. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე თავი შეიკავეს დაკვირვებისგან არსებული რეპრესიული გარემოს გამო“, – ნათქვამია წერილში.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია მედიისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და ოპოზიციისთვის შექმნილ „რეპრესიულ გარემოზე“.
„დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობა შედარებით დაბალი იყო“ – ნათქვამია წერილში.
ევროკავშირის ლიდერები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მმართველ პარტიას, დაიცვას მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. წერილში ასევე ნათქვამია, რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ უნდა შეიკავოს თავი ძალადობისგან.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და გაფრთოების საკითხებში ევროკომისარი ასევე გმობენ თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ.