სპეციალური დანიშნულების რაზმი პრეზიდენტის რეზიდენციასთან სპეციალურ ღონისძიებებს იყენებს – ათონელის სასახლის ტერიტორიაზე განლაგებული დანაყოფები იყენებენ ე.წ. ცრემლსადენ აირს, წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტების მცირე ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ჯებირები დააზიანა და ეზოში შევიდა. ადგილზე აქციის მონაწილეებთან ერთად იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალურ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“.
„ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ადგილზე რამდენჯერმე იყო ფიზიკური დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის. ათონელის რეზიდენციასთან მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
.
დემონსტრანტების მცირე ნაწილი კვლავ ორბელიანის მოედანზე რჩება, ნაწილი კი – რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან.
არც ორბელიანის მოედანსა და არც რუსთაველის გამზირზე აღარ იმყოფება დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად კლინიკაში მიდის და ადგილზე მოგვიანებით დაბრუნდება.