რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 2025 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა და დიზელის მიწოდებაზე დამატებითი შეზღუდვა დააწესა.
ახალი დადგენილების მიხედვით, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა 31 დეკემბრამდე იმოქმედებს და ყველა ექსპორტიორს, მათ შორის მწარმოებლებსაც, შეეხება. მეორე დადგენილება კი კრძალავს დიზელის, გემების საწვავისა და გაზის ზეთების ექსპორტს გადამყიდველების მიერ.
შეზღუდვები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც უკრაინის დრონების შეტევის შედეგად დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გამო ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გაღრმავდა. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ბენზინის დეფიციტმა რუსეთის შიდა ბაზარზე 20%-ს, ანუ თვეში დაახლოებით 400,000 ტონას მიაღწია.
„ბლუმბერგის“ შეფასებით, რუსეთის დიზელის ექსპორტის მხოლოდ 1.5-2%-ს აკონტროლებენ გადამყიდველები მაშინ, როცა ტვირთების უმეტესი ნაწილი უშუალოდ მწარმოებლებისგან მოდის.
საინფორმაციო სააგენტოების მონაცემებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადამუშავების მოცულობა აგვისტოდან სულ მცირე 7%-ით არის შემცირებული.
რუსეთი, რომელიც აშშ-სა და საუდის არაბეთის შემდეგ მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ნავთობმწარმოებელია, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვების დაწესებამდე, საკუთარი პროდუქციის დაახლოებით 10-12%-ს საზღვარგარეთ გზავნიდა.