უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია კრიტიკულია. მისივე თქმით, აქამდე ასეთი საგანგებო ვითარება არასდროს ყოფილა.
„სიტუაცია კრიტიკულია. რუსული დაბომბვის გამო ელექტროსადგური გათიშულია ელექტროქსელიდან. მას ელექტროენერგია დიზელის გენერატორებიდან მიეწოდება”, – განმარტავს ზელენსკი.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი გენერატორი მწყობრიდან გამოვიდა.
„რუსები დაბომბვით ხელს უშლიან ელექტროსადგურამდე მიმავალი ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებასა და უსაფრთხოების აღდგენას. ეს ყველასთვის დიდი საფრთხეა”,- განმარტავს უკრაინის პრეზიდენტი.
სამშაბათს, 30 სექტემბერს, გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს უკრაინაში, რომელიც ერთ კვირაზე მეტია ელექტროენერგიის გარეშეა, საფრთხე არ ემუქრება, სანამ სარეზერვო გენერატორები მუშაობენ.