ღაზაში კვლავ ისმის აფეთქების ხმა. ისრაელმა ღაზაზე მორიგი საჰაერო იერიში დილის საათებში მიიტანა. ადგილობრივი საავადმყოფოს ინფორმაციით, დეირ ალ-ბალაჰში ისრაელის თავდასხმის შედეგად, 30 სექტემბერს 5 პალესტინელი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის იყო ჟურნალისტი, იაჰია ბარზაქი, რომელიც თურქულ ტელეკომპანია TRT-სთან თანამშრომლობდა. თურქული მედიასაშუალების ინფორმაციით, იაჰია ბარზაქი სამშაბათს ალყაში მოქცეულ პალესტინის ანკლავში დაიღუპა.
ისრაელს ღაზაზე იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებთან 21-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემუშავების ფონზე მიაქვს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმაზე უკვე შეთანხმდნენ. ახლა პასუხს „ჰამასისგან“ ელიან.
მოლაპარაკებებში ერთ-ერთი მთავარი მედიატორის – კატარის მთავრობის ინფორმაციით, არაბული და მუსლიმანური ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათ მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპთან ერთად შემუშავებულ თავდაპირველ წინადადებაში ცვლილებები ისრაელის სასარგებლოდაა შეტანილი და მასში პალესტინის სახელმწიფოებრიობაზე საუბარი არ არის.
კატარში მიაჩნიათ, რომ გეგმის გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით დამატებითი მოლაპარაკებებია საჭირო. დონალდ ტრამპმა კი 30 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჰამასს“ პასუხისთვის მხოლოდ სამი-ოთხი დღე აქვს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯედ ალ ანსარის ინფორმაციით, არაბი შუამავლები და თურქი ოფიციალური პირები „ჰამასის“ წარმომადგენლებს დოჰაში შეხვდებიან.
ისრაელისა და აშშ-ის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა ისრაელელი მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, „ჰამასის“ განიარაღებასა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. ასევე ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და ღაზის რეკონსტრუქციას. თუმცა, გეგმაში პალესტინის სახელმწიფოებრიობაზე საუბარი არ არის.