მთავარიEuropean Unionევროკავშირი უკრაინასთან შეთანხმდა, რომ დრონებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინასთან შეთანხმდა, რომ დრონებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინასთან შეთანხმდა, გამოყოს ორი მილიარდი ევრო უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. მისივე თქმით, ეს უკრაინას „შესაძლებლობების გაფართოებისა“ და „სრული პოტენციალის გამოყენების“ საშუალებას მისცემს. ამასთან, ინიციატივა სარგებლის მომტანი იქნება თავად ევროკავშირისთვისაც. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში განაცხადა.

„თუ კვლავ მიგვაჩნია, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, მაშინ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება უნდა გავზარდოთ. სწორედ ამიტომ, უკრაინასთან შევთანხმდით, რომ ჯამურად დრონებისთვის 2 მილიარდი ევრო გამოიყოფა. ეს უკრაინას საშუალებას აძლევს, გააფართოოს საკუთარი შესაძლებლობები და სრული პოტენციალი გამოიყენოს. ამასთან, რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიით სარგებელს მიიღებს ევროკავშირიც. თუმცა, სამხედრო მხარდაჭერისთვის უკეთ სტრუქტურირებული გამოსავალი გვჭირდება და სწორედ ამიტომ წამოვაყენე სარეპარაციო სესხის იდეა, რომელიც გაყინულ რუსულ აქტივებზე იქნება დაფუძნებული. სესხი ერთიანად არ გაიცემა – იგი გაიცემა ეტაპობრივად და გარკვეული პირობებით”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია.

„ჩვენი ცა უნდა დავიცვათ. ბოლო კვირების განმავლობაში ვნახეთ, რა მოხდა დრონებთან დაკავშირებით პოლონეთში, MiG-31-ებთან – ესტონეთში, და ახლა დანიაშიც. დანიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვადგენთ, რა დგას ამის უკან. მაგრამ რაც შეეხება პოლონეთსა და ესტონეთს – ცხადია, რომ ეს რუსების მხრიდან მოდის. ჯერ კიდევ ვაფასებთ, ეს განზრახ მოხდა, თუ არა, მაგრამ თუნდაც წინასწარი განზრახვის გარეშე, ეს მაინც უპასუხისმგებლობაა და მიუღებელია. ამიტომ, ჩვენი ცა დაცული უნდა იყოს. „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია. ჩვენ ვერ დავხარჯავთ მილიონობით ევროს ან დოლარს რაკეტებზე, რათა გავანადგუროთ დრონები, რომელთა ღირებულება მხოლოდ რამდენიმე ათას დოლარს შეადგენს. ასე რომ, დრონების კედელი გვჭირდება“, – ამბობს მარკ რუტე, NATO-ს გენერალური მდივანი.

ევროპის თავდაცვის მინისტრები გასულ კვირაში შეთანხმდნენ, რომ შექმნან ე. წ. დრონების კედელი, რათა უკეთ უპასუხონ იმ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ევროპის საჰაერო სივრცეს არღვევენ. გადაწყვეტილება ევროპის საჰაერო საზღვრების რუსეთის მიერ დარღვევის რამდენიმე შემთხვევას მოჰყვა. მოსკოვში დასავლეთში გამოთქმულ ბრალდებებს ტრადიციულად უარყოფენ და ამბობენ, რომ რუსეთს მომხდართან კავშირი არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend