იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ღაზის სექტორიდან სადაც საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება, ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოში სამკურნალოდ ბავშვები და მათი ოჯახის წევრები გადაიყვანეს.
იტალიის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მათთან უკვე მკურნალობს 196 ბავშვი, ხოლო მომდევნო დღეებში კიდევ ორასამდე პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების ჩაყვანა იგეგმება. 29 სექტემბრის საღამოს, ღაზიდან იტალიაში 15 დაშავებული ბავშვი და მათი ოჯახის წევრები იტალიის სხვადასხვა საავადმყოფოში სამკურნალოდ ჩაიყვანეს.
სამედიცინო ევაკუაცია იტალიის მთავრობის დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იმ ბავშვების დახმარებას, რომლებიც ომის დროს დაიჭრნენ ან ღაზაში საავადმყოფოების განადგურების გამო მკურნალობა ვერ გაიარეს.
„ოთხშაბათის ჩათვლით კიდევ 150-იდან 200-ამდე პალესტინელი უნდა ჩამოვიდეს. ძირითადად ბავშვები, უკვე ჰოსპიტალიზებული ბავშვების ოჯახის წევრები და სტუდენტები. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ღაზიდან იტალიაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიყვანოთ. იტალიაში ყველაზე მეტი ლტოლვილია, ვიდრე მთელ ევროკავშირში და ჩვენ ვართ მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, ვგულისხმობ კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს, რომლებმაც ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღეს. ჩვენ წინ მივდივართ და იმედი გვაქვს, რომ მალე ეს ყველაფერი აღარ იქნება საჭირო“, – აცხადებს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი.
ბავშვებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ, თან ახლდათ ოჯახის წევრები და ნათესავები. ისინი იტალიის სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს.
„დღეს დილით ადრე უკვე ვიცოდით, რომ ბავშვებმა საზღვარი გადაკვეთეს და ეილათის აეროპორტისკენ მიემართებოდნენ. იქ მყოფი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, მათ შორის თავდაცვის პერსონალის ჯანმრთელობის ჩანაწერები გვქონდა. რა თქმა უნდა, იქ „წითელი ჯვრის“ თანამშრომლებიც იყვნენ. მათ შეამოწმეს ისინი, რამდენად შეიძლებოდა მათი ტრანსპორტირება. შეამოწმეს ასევე ოჯახის წევრები. ამას გარკვეული დრო დასჭირდა, რადგან ზოგიერთი მათგანი საკაცით იყო. ზოგ შემთხვევაში მძიმე კლინიკური შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგებულად და ძალიან მარტივად წარიმართა“, – ამბობს იტალიის სამხედრო ძალების კოორდინაციის ცენტრის მეთაური გენერალი ჯოვანი მარია იანუჩი.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღაზიდან სამედიცინო ევაკუაციის პროგრამის ფარგლებში იტალიაში სულ 196 ბავშვი გადაიყვანეს. მათ ახლდნენ ოჯახის წევრები, რომელთა რაოდენობა 454-ს შეადგენდა.
იტალიის მთავრობა უახლოეს დღეებში სასწავლო პროგრამის ფარგლებში ასევე გეგმავს 72 სტუდენტის მიღებას.