აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელ-ჰამასის ომის დასრულებასა და ღაზის სექტორში ომისშემდგომი მმართველობის მოდელზე 21-პუნქტიანი გეგმა წარმადგინეს.
ამის შესახებ გდონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრს სახლში დახურული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა დროებითი ზედამხედველობის საბჭოს შექმნას ითვალისწინებს და ამ საბჭოს თავად დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.
წარსულში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ტრამპის გეგმა არ მოითხოვს პალესტინელების მიერ ღაზის სექტორის დატოვებას. ეს გეგმა გულისხმობს მხარეებისგან ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ისრაელელი მძევლების 72 საათის განმავლობაში გათავისუფლებას მოითხოვს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. შესაძლოა, ჩვენი ცივილიზაციისთვის ერთ-ერთი უდიდესიც. მე და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვისაუბრეთ არამხოლოდ ღაზაზე, არამედ სხვა სერიოზულ საკითხებზეც. შეთანხმების მიზანი ყველა პრობლემის მოგვარებაა. ამ შეთანხმებას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება მოჰყვება.
იმედია, ცეცხლი შეწყდება. თუ ამ მიზანს მივაღწევთ, მაშინ არაბ და მუსლიმან ერებს „ჰამასთან“ ურთიერთობის შანსი უნდა მივცეთ. მათ ერთად უნდა იპოვონ გამოსავალი. თუ ამას ვერ შეძლებენ, მაშინ ისრაელს სამომავლოდ აშშ-ის სრული მხარდაჭერა ექნება. ისრაელს ჩემი სრული მხარდაჭერა ექნებოდა „ჰამასის“ სრულად განადგურების პროცესში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება.
ამ ძალისხმევის წარმატების უზრუნველსაყოფად შევიმუშავე გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საერთაშორისო ზედამხედველობის ორგანოს, მშვიდობის საბჭოს შექმნას. ლამაზი სახელია – მისი ხელმძღვანელობა არ მსურდა, ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბჭო იმუშავებს. არაბულმა ქვეყნებმა და ისრაელმა მთხოვეს ამის გაკეთება და ამიტომ მას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დიახ, დამატებითი სამუშაო გამომიჩნდა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვარ, ეს როლი მოვირგო“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს გაწეული ძალისხმევისთვის და ბოდიში მოუხადა კატარს, „ჰამასის“ ლიდერებზე მიტანილი სარაკეტო იერიშის გამო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „ჰამასი“ დათანხმდება განიარაღებასა და მძევლების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს.”
„თქვენი გეგმა შეესაბამება იმ ხუთ პრინციპს, რომლებიც ჩემმა მთავრობამ დაადგინა ომისა და „ჰამასის“ მმართველობის დასასრულებლად. ყველა მეკითხება, თუ რა გეგმა მაქვს, რომ „ჰამასის“ მმართველობა დასრულდეს. აი, ჩვენი გეგმა, რომელიც კაბინეტმა დაამტკიცა: ჩვენი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ დაბრუნდეს სახლში, გარდაცვლილები გადმოასვენონ ისრაელში, „ჰამასი“ განიარაღდეს და დაიწყოს ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია. ისრაელი აიღებს პასუხისმგებლობას ღაზის უსაფრთხოებაზე. და ბოლოს, ღაზას ეყოლება მშვიდობიანი სამოქალაქო ადმინისტრაცია, რომელსაც არც „ჰამასი“ და არც პალესტინის ხელისუფლება არ უხელმძღვანელებს. თუ „ჰამასი“ თქვენს გეგმას დასთანხმდება, ბატონო პრეზიდენტო, პირველი ნაბიჯი იქნება ჩვენი ჯარების შემცირება ღაზაში, რასაც 72 საათის განმავლობაში ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება უნდა მოჰყვეს.
შემდეგი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო ორგანოს შექმნა, რომელსაც დაევალება „ჰამასის“ სრული განიარაღება და ღაზის დემილიტარიზაცია. ვაფასებ თქვენს მზადყოფნას, უხელმძღვანელოთ ამ ორგანოს, ბატონო პრეზიდენტო. თუმცა თუ „ჰამასი“ უარყოფს თქვენს გეგმას, ან თუ მიიღებს მას და შემდეგ არ შეასრულებს, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე თავად მიიყვანს.
ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით მოხდეს, თუმცა, გპირდებით, მაინც გაკეთდება. ჩვენ მარტივ გზას ვამჯობინებთ, მაგრამ ყველაფერს ვიზამთ მიზნის მისაღწევად. ყველა ეს მიზანი უნდა იყოს მიღწეული, რადგან ჩვენ არ გვიბრძოლია და არ გაგვიწირავს ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდები იმისთვის, რათა „ჰამასი“ ღაზაში დარჩეს და ისევ ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტით დაგვემუქროს“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები „ჰამასის“ წარმომადგენლებთან, 20-პუნქტიანი გეგმის განსახილველად.