მთავარიკულტურა„ანდრეა ბოჩელი: იმიტომ, რომ მჯერა“

„ანდრეა ბოჩელი: იმიტომ, რომ მჯერა“

იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი დოკუმენტურ ფილმში „ანდრეა ბოჩელი: იმიტომ, რომ მე მჯერა“ საზოგადოებას საკუთარ ცხოვრებას  უზიარებს.

„თუნდაც წლების შემდეგ შეიძლება, ვინმესთვის საინტერესო იყოს ჩემი ცხოვრების დეტალების გაგება. როცა მსმენელი ჩემს სიმღერას მოისმენს და მოუნდება, რომ მეტი იცოდეს ამ შემოქმედების ავტორის ცხოვრების შესახებ, ამის შესაძლებლობა იქნება. ყველას შეეძლება, რომ ჩემი განვლილი ცხოვრების შესახებ გაიგოს“, – ამბობს ანდრეა ბოჩელი, ტენორი.

ფილმში მაყურებელს ბოჩელის ცხოვრების ყველა ეტაპის ნახვა შეეძლება.  ადრეული ბავშვობიდან დაწყებული კარიერის დასაწყისამდე, ასევე ოჯახური ცხოვრებითა და დიდი ხნის მეგობრობით დამთავრებული.

„მე ვალში ვარ ყველა იმ გულწრფელ და კეთილ ადამიანთან, ვინც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შემხვდა და დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ“, – ამბობს ანდრეა ბოჩელი, ტენორი.

ტენორი ასევე ღიად საუბრობს სცენის შიშის შესახებ და ასევე არ იშურებს კრიტიკას საკუთარი შემოქმედების მიმართ.

„ყოველთვის კრიტიკული უნდა იყო. თუ კრიტიკული არ ხარ, ვერ განვითარდები. კრიტიკისა და თვითკრიტიკის გარეშე პროგრესი არ არის. თვითკრიტიკაში ნამდვილად დაუნდობელი უნდა იყო, რადგან თუ ის არ არის, ნაბიჯებს წინ ვერ გადადგამ“, – ამბობს ანდრეა ბოჩელი, ტენორი.

ბოჩელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხმაა. მას უამრავ სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსთან უმუშავია. ლათინოამერიკელ სუპერვარსკვლავებთან, როგორებიცაა ჯენიფერ ლოპესი და ქეროლ ჯი.  ასევე პოპ შემსრულებლებთან, როგორებიცაა ედ შირანი და დუა ლიპა.

„მომწონს თანამშრომლობა ყველასთან, ვისაც აქვს სათქმელი მხატვრული თვალსაზრისით. ეს ყოველთვის საინტერესოა, რადგან ის, ვისაც ფართო საზოგადოებაში მნიშვნელოვანი გამოხმაურება აქვს, ნიშნავს, რომ ღვთისგან ბოძებული ჯილდო აქვთ და ამიტომ ყოველთვის საინტერესოა ასეთ არტისტებთან თანამშრომლობა“, – ამბობს ანდრეა ბოჩელი, ტენორი.

როცა საუბარი წარსულსა და მომავალს ეხება, ბოჩელი აღიარებს, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა საერთოდ პენსიაზე გასვლასაც კი ფიქრობდა. თუმცა სწორედ ამ დროს შეხვდა მის მომავალ მეუღლეს, ვერონიკა ბერტის. ისინი 2014 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ ერთი ქალიშვილი, ვირჯინია.

„როდესაც ვერონიკას შევხვდი, ის ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე იყო. სავსე იყო სურვილებითა და ოცნებებით. ის ჩემი მთავარი მოტივატორი გახდა, მან მე უდიდესი ენერგიით ამავსო და ყველაფერი თითქოს თავიდან დავიწყე“, – ამბობს ანდრეა ბოჩელი, ტენორი.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2025 წლის 22 სექტემბერს შედგება, ანდრეა ბოჩელის 67-ე დაბადების დღეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend