მთავარისაქართველოვაცლავ ჰაველის პრემია 2025

ვაცლავ ჰაველის პრემია 2025

29 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვაცლავ ჰაველის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს. წელს პრემია გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტ მაქსიმ ბუტკევიჩს, რომელიც უკრაინის არმიაში იბრძოდა, ხოლო შემდეგ ტყვედ ჩავარდა. 2023 წლის მარტში, ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში, ბუტკევიჩს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსულმა სასამართლომ. 2024 წლის ოქტომბერში კი იგი ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ჰაველის პრემიის მოკლე სიაში წარდგენილი იყო ულვი ჰასანლი – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც მედიაგამოცემა „აბზას მედიის” დირექტორია, ის ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და ასევე ქართველი ჟურნალისტი, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ასევე პატიმრობაშია.
მზია ამაღლობელს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი ადვოკატი მაია მწარიაშვილი წარმოადგენდა. მან დამსწრე საზოგადოებას მზიას წერილიც წაუკითხა.

„თავისუფლების, დემოკრატიის გზაზე მიმავალს იშვიათად მიმაჩნდა რამე შეუძლებელი…

თუმცა წარმოუდგენლად ემოციურია და დღემდე მიჭირს იმის დაჯერება, რომ ჩემი სახელი და გვარიც არის „ჰაველის“ ჯილდოს ნომინანტებში.

ყოველთვის აღფრთოვანებული და შთაგონებული ვიყავი იმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებით, რომლებიც დევნის მიუხედავად რჩებოდნენ სამშობლოში და აგრძელებდნენ პროფესიულ საქმიანობას. ჩემი პატივისცემა ულვი ჰასანლის შეუვალობას.

სოციალურ მედია X-ზე, ჩემს ქავერზე დღემდე უნდა იყოს ფოტო წარწერით – „იყავი ისეთი მამაცი, როგორიც უკრაინაა“. მაქსიმ ბუტკევიჩს მინდა ვუთხრა, რომ გულწრფელად მჯერა უკრაინის გამარჯვების.

ეს ნომინაცია არ არის მხოლოდ ჩემი. მე მას ვიღებ ჩემი კოლეგების სახელით, იმ ჟურნალისტების სახელით, რომლებიც დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიაში მუშაობენ.

საქართველოში ჟურნალისტად ყოფნა დღეს მსხვერპლის გაღებას ნიშნავს.

ჩემს კოლეგებს მტრულ და საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ყოველდღიურად მუშაობა. მათ დევნიან, აშანტაჟებენ, ავიწროებენ, მიზანმიმართულად ესხმიან თავს და ფიზიკურად უსწორდებიან.

ერთპარტიულმა „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაგვიმტკიცა „რუსული კანონები“, რითაც სიტყვის თავისუფლება პრაქტიკულად აკრძალა, ხოლო საგრანტო ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა აგენტობასა და ღალატს გაუთანაბრა – ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

დღეს ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. დღეს ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს – მსახიობი, პოეტი, მასწავლებელი, კომიკოსი, სტუდენტი, ჟურნალისტი.

თუმცა ქართველები ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

300 დღეზე მეტია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტ პროტესტს მართავენ, რადგან ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ დემოკრატიული ღირებულებების გარანტი ევროკავშირია.

ჩვენ თქვენ გვერდით ვხედავთ ჩვენს თავს, ამიტომ მინდა გთხოვოთ – მანამ, სანამ გვიანი არ არის, ნუ დაგვტოვებთ რუსეთთან პირისპირ და მარტო!

იდექით ჩვენ გვერდით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემიას ყოველწლიურად გასცემს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ის გადაეცემა იმ პირებს, ორგანიზაციებს ან ინსტიტუციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასა და განვითარებაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:19

„ROMA AMOR”

spot_imgspot_img
Send this to a friend