მთავარიევროპაუკრაინა„ეს გამანადგურებელი თავდასხმა იყო“ - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მორიგ იერიშებზე

„ეს გამანადგურებელი თავდასხმა იყო“ – ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მორიგ იერიშებზე

28 სექტემბერს,  ღამით რუსეთმა კვლავ მიიტანა საჰაერო იერიში უკრაინაზე, რის შედეგადაც 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა კიევისა და ზაპოროჟიასთვის.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. დაღუპულთა შორის არის 12 წლის გოგონა.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დედაქალაქში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი იერიშის შედეგად, ათობით ადამიანია დაჭრილი.

„რაკეტები რომ დავინახე, კარი დავხურე. ამ დროს აფეთქების ხმაც გავიგე. ირგვლივ უკუნეთი იყო. კარის გაღებას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან იქვე მიმოფანტული ლითონის ნივთები ეყარა. ბოლოს  ძლივს გავედი  და გავიქეცი. ჩემს შვილს დავურეკე. ის ფეხშიშველი გამოიქცა  და მხოლოდ ის დამიყვირა, ცოცხალი ვიყავი თუ არა. გვიხარია, რომ უბრალოდ გადავრჩით“, – ამბობს ადგილობრივი მარინა კვადრაჩუკი, რომელიც სახლში იმყოფებოდა, როდესაც რუსული იერიშის შედეგად ბომბი მის სახლს დაეხა.

რუსული იერიშის შედეგად დაზარალებული მოქალაქე ამბობს, რომ ადგილობრივები არ ელოდნენ იერიშს საცხოვრებელ სახლებზე.

„აქ არც სამხედრო საწყობებია და არც ქარხანა. ამიტომ დარწმუნებული ვიყავით, რომ  არაფერი მოხდებოდა. მაგრამ მაინც დაგვარტყეს“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

რუსეთის თავდასხმებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, მსგავსი იერიშები ნათლად აჩვენებს რუსეთის „ნამდვილ სახეს“. უკრაინის პრეზიდენტის აზრით, რაც არ უნდა თქვან რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ფაქტი ერთია – მათ მშვიდობა არ სურთ.

„რუსეთი ისევ დაგვესხა თავს.  მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ზაპორიჟიაში, კიევში, კიევის ოლქსა და ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში. მათ ძირითადად იერიში საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს. 80-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. სამწუხაროდ, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. რუსეთი წელს კვლავ ცდილობს, უკრაინის ელექტროენერგიას დაარტყას და გათიშოს. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში, სანამ გაეროს გენერალური ასამბლეია მიმდინარეობდა, რუსეთი დროს არ კარგავდა, რომ  უკრაინაზე იერიში მიეტანა. ეს გამანადგურებელი თავდასხმა იყო. ეს არის ის, რაც რუსეთის ნამდვილ სახეს აჩვენებს – ის, რასაც ისინი აკეთებენ და არა ის, რასაც ამბობენ”,  – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  რუსეთი ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ჩრდილოვანი ფლოტებიდან დრონების გაშვებაშიც დაადანაშაულა.

„ახლა უკვე არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსები ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ დრონების გასაშვებად ტანკერებს იყენებენ.  ეს კიდევ ერთი დასტურია, თუ რატომ უნდა დაიხუროს ბალტიის ზღვა და სხვა ზღვები რუსული ტანკერებისთვის – ყოველ შემთხვევაში ჩრდილოვანი ფლოტისთვის მაინც“,  – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა გასულ თვეს კიევზეც მიიტანა მასშტაბური საჰაერო იერიში, რის შედაგად 21 მოქალაე დაიღუპა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 595 დრონი და 48 რაკეტა გაუშვა. მათგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 566 დრონი და 45 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend