თბილისში საქართველოს ბიზნესასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ბიზნესისთვის პოლიტიკურ სტაბილურობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე უზრუნველყოფილი იყოს და ამისათვის გასული წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, გასული ოთხი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გამორჩეული იყო და 2021-2024 წლებში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მთელი ევროპის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია.
.
ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე კი ამბობს, რომ გაუმჯობესებულია ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრი და საინვესტიციო ინდექსიც. გამოწვევა კი, მისივე სიტყვებით „აწეული ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერებია“. მისივე განმარტებით, ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნა, რომ ეს ბარიერები „ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით შეიცვლება“.
როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადეს, შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული საკითხები, რომლებიც „სეგმენტურად აწუხებს ამა თუ იმ ბიზნესს“.
კონფერენციაში მონაწილე ბიზნესმენებს დღეს ჟურნალისტები კითხვებს უსვამდნენ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, სავარაუდო სანქცირების თაობაზეც.
ბიზნესმენების დიდი ნაწილი შეკითხვაზე პასუხს თავს არიდებდა. ნაწილი კი აცხადებდა, რომ მათი ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
კონფერენციის დატოვების შემდეგ ამავე თემაზე ჟურნალისტების კითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმაც. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილს არავითარი სანქციების არ ეშინია“ და მის მიმართ უკრაინაში ომის დაწყებიდან „არაფორმალური სანქციები“ ისედაც მოქმედებს.


