მთავარიაზიაღაზაისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი გაურკვეველი დროით დაკეტა

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი გაურკვეველი დროით დაკეტა

ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე პალესტინელები ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადადიან. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ზეწოლის პარალელურად, ისრაელს კვლავ მიაქვს იერიში ღაზის სექტორზე. როგორც ჯანდაცვის ადგილობრივი წარმომადგენლები ამბობენ,  25 სექტემბერს ისრაელის თავდასხმას 17 მშვიდობიანი მოქალაქე მემსხვერპლა.

ისრაელმა დახურა ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ სამ მილიონზე მეტ პალესტინელს გარე სამყაროსთან აკავშირებს. ეს ნაბიჯი გაართულებს მოქალაქეების გადაადგილებას. ასევე არსებობს საფრთხე, რომ იმპორტსა და ექსპორტზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დაწესდება.

„ძალიან ვნერვიულობ, რადგან ჩემი ოჯახის ნაწილი ამანშია,  ერთი ვაჟი აქ არის. როგორც წესი,  სტუმრად მივდივარ და ვბრუნდები. ახლახან ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენმა ქალიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და ახალ სამსახურს იწყებს. უნდოდა, მეც იქ ვყოფილიყავი.  მაგრამ ვუთხარი,  ჩემ გარეშე წასულიყო. ღმერთს ვთხოვ, ისე არ მოხდეს, რომ ჩემს შვილებთან ერთად ყოფნა ვერ შევძლო. ახლა ნამდვილად ვერ ჩავდივარ მათთან.  ეს ძალიან მძიმეა ჩემთვის“, – ამბობს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, აჰმად აბუ რუმი.

ისრაელმა, რომელიც გადასასვლელის დასავლეთ მხარეს აკონტროლებს, კვირის დასაწყისში განაცხადა,  რომ ალენბის ხიდი, რომელიც იერიქონს იორდანიასთან აკავშირებს, „შემდგომ შეტყობინებამდე“ დაკეტილი იქნება.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს ისრაელის მიერ ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ანექსიას. მან  პირობა დადო, რომ შეაჩერებს ამ ქმედებას.

„დღეს ღაზის საკითხზე ძალიან კარგად მოვილაპარაკეთ როგორც ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენლებთან, მეფეებთან, ისე ახლო აღმოსავლეთის უმაღლეს ლიდერებთან. ასევე ვესაუბრე ნეთანიაჰუს, რომელიც მძევლების დაბრუნებას ცდილობს. ჩვენი მიზანია, ღაზაში არსებული პრობლემები მოვაგვაროთ. ძალიან ცუდია, რაც იქ ხდება. ვფიქრობთ, რომ ამის დასრულება შესაძლებელია,  თან ეს შეიძლება მალე მოხდეს. ჩვენ გვსურს მძევლების დაბრუნება, დაღუპულების ცხედრების დაბრუნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელი გააფრთხილეს, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ანექსიისკენ იქნება მიმართული,  „წითელი ხაზის“ გადაკვეთა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend