ისრაელის არმიის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა, განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალებს ღაზაში ყოველდღიურად 200-ზე მეტ სამიზნეზე მიაქვთ იერიში.
დეფრინი ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქი ღაზა უკვე დატოვა 700 000-ზე მეტმა პალესტინელმა, რომლებიც ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში გადავიდნენ.
„საჰაერო და სახმელეთო ძალები ყოველდღიურად დაახლოებით 200 ტერორისტულ სამიზნეს ურტყამენ გამანადგურებლებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და ვერტმფრენებით. საბრძოლო ოპერაციების გაფართოებასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარულ და სამოქალაქო ძალისხმევას მოსახლეობის ღაზიდან ევაკუაციისა და მათი დაცვის მიზნით.
ამ დროისთვის ქალაქ ღაზიდან უკვე დაახლოებით 700 ათასი მცხოვრები გადავიდა ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰუმანიტარულ ზონებში. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ათობით გამანადგურებელი გავუშვით სამხედრო ობიექტების დასაბომბად.
ჩვენ დავარტყით ჰუსიტების გენერალური შტაბის სამეთაურო შტაბ-ბინას, ობიექტებსა და უსაფრთხოებისა და დაზვერვის აპარატის კუთვნილ დამატებით სამხედრო ინფრასტრუქტურას. გავაგრძელებთ ჰუსიტების ტერორისტული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას”, – განაცხადა ისრაელის არმიის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.
ისრაელის არმია აგრძელებს იერიშებს სამხედრო ობიექტებზე იემენში. ერთ-ერთი სამიზნე იყო იემენის დედაქალაქი სანა, სადაც თავდასხმას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. იემენელმა ჰუსიტებმა 24 სექტემბერს დრონებით იერიში მიიტანეს სამხრეთ ისრაელის ქალაქ ეილათზე, რის შედეგადაც 22 პირი დაშავდა.