„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშებიდან სტატისტიკა მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო არმია ცალსახად ფსონს დებს საჰაერო იერიშებზე. ძირითადად იყენებენ შემტევ დრონებს, ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. ხშირად ეს კომბინირებულად გამოიყენება და მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვას.
თავდაპირველად უკრაინის პასუხი არ იყო ისეთი აქტიური, როგორიც ახლაა. ის რუსეთს დრონებით ძირითადად მასშტაბური იერიშების პასუხად უტევდა, მაგრამ გადის დრო, უკრაინა ზრდის და ავითარებს სამხედრო მრეწველობას. შესაბამისად, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებიც. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ რომელიმე სამხედრო ობიექტი ან ნავთობგადამამუშავებელი საწარმო უკრაინული დრონების სამიზნე არ გახდეს. იმასაც ვხედავთ, რომ იერიშების მასშტაბი გასცდა 500-კილომეტრიან მანძილს და მეტიც – საზღვრიდან 1000 კილომეტრის მოშორებითაც ანადგურებს კიევი რუსულ სამხედრო ან სტრატეგიულ ობიექტებს.
და რა ვითარებაა ფრონტზე? აქ სიტუაცია სტრატეგიულ ჭრილში არ შეცვლილა. ორივე მხარეს ტაქტიკური, მცირე მასშტაბის წინსვლა აქვთ სხვადასხვა უბანზე. მაგალითად, ხარკივისა და დონეცკის ოლქებში რუსების იერიში ხუთი მიმართულებით განვითარდა. თუმცა ჯარების მნიშვნელოვან წინსვლაზე არავინ საუბრობს. ამავდროულად, „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” გუშინ, 24 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიმანთან ტაქტიკური წინსვლა უკრაინულ არმიას ჰქონდა. პოკროვსკის ფლანგზე უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებებია. უკრაინულმა არმიამ რამდენიმე მიმართულებით შეძლო ვითარების მეტ-ნაკლებად სტაბილიზაცია. უნდა აღვნიშნოთ ჩრდილოეთით ზოლოტიი კოლოდიაზის მიმართულება, სადაც, ფაქტობრივად, სრულად აღდგა რამდენიმე კვირის წინ დაკარგული პოზიციები. უშუალოდ პოკროვსკის აღმოსავლეთითაც ტაქტიკური წინსვლა ჰქონდა უკრაინულ არმიას. რუსებს კი – უდაჩნოეს მხარეს. უკვე რამდენიმე თვეა, კრემლი, აი, ამ მარყუჟის შეკვრასა და პოკროვსკის დაპყრობას ცდილობს, თუმცა ფაქტია, რომ აქ ისევ გრძელდება ინტენსიური შეტაკება.
„ჩვენ ახლა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი შეიარაღების რბოლის პერიოდში ვცხოვრობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დასძინა, რომ კიევი ემზადება ახალი ინოვაციების ექსპორტზე გასატანადაც. ფინანსები თავისთავად უკრაინული არმიის სხვა მოთხოვნილებებს მოხმარდება.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ფრონტზე მიმდინარე მოვლენები უკრაინის სტრატეგიული კვლევების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ – ლეონიდ პოლიაკოვმა შეაჯამა.