ამერიკულ გამოცემა Axios-სთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩია, ეძებონ ბომბებისგან თავშესაფარი, თუკი კრემლი კიევის წინააღმდეგ ომს განაგრძობს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინაში არჩევნების ჩატარების საკითხზე. ქვეყანაში კენჭისყრის პროცესი რუსეთის აქტიური სამხედრო აგრესიის გამო ვერ ტარდება.
საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარების საკითხს ზღუდავს უკრაინის კანონმდებლობაც. დამატებით პრობლემას წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამჟამად კიევი ვერ აკონტროლებს ქვეყნის 20%-ზე მეტს.
ოფიციალურად ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ამოეწურა, თუმცა მისი ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაყენებულა არც უკრაინაში და არც დასავლეთის სახელმწიფოებში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებას მალევე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. მისი მტკიცებით, მოსკოვი ფლობს იარაღს, რომელსაც ვერც ერთი თავშესაფარი ვერ დაეხმარება.
უკრაინის გარდა ამ კონტექსტში მანვე დაფიქრებისკენ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. დიმიტრი მედვედევი ვოლოდიმირ ზელენსკის კვლავ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებს და მას „კიეველ ნარკომანს“ უწოდებს.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ხშირად გამოირჩევა მსგავსი ხისტი რიტორიკითა და განცხადებებით როგორც უკრაინის, ისე ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლების მიმართ.