ნიკოლა სარკოზის 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის, რეჟიმის მიერ მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმის ფარგლებში „დანაშაულებრივ შეთქმულებაში“ ცნო დამნაშავედ. ამავდროულად, სარკოზი გამართლდა სხვა წარდგენილ ბრალდებებში, მათ შორის, პასიურ კორუფციასა და კამპანიის უკანონო დაფინანსებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი პრეზიდენტი საპატიმრო სასჯელს ციხეში გაატარებს, იმის მიუხედავად, გაასაჩივრებს თუ არა იგი გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით. თუმცა სასჯელის აღსრულების თარიღი მოგვიანებით უნდა განისაზღვროს.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ მისი კამპანიის უკანონოდ დაფინანსების არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ფრანგ ხალხს მომხდარის გააზრებისკენ მოუწოდა.
გამოძიების ვერსიით, სარკოზიმ 2007 წელს 50 მილიონი ევრო მიიღო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის.
ნიკოლა სარკოზი, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
„არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. რა თქმა უნდა, აპელაციას შევიტან. უდავოდ მომიწევს სააპელაციო სასამართლოს წინაშე ხელბორკილებით წარვდგე. ისინი, ვისაც ასე ძალიან ვძულვარ, ფიქრობენ, რომ მამცირებენ, მაგრამ სინამდვილეში საფრანგეთს ამცირებენ.
იმას, რაც დღეს პარიზის სისხლის სამართლის სასამართლოს დარბაზში მოხდა, სერიოზული მნიშვნელობა აქვს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობისთვის.
ათ წელზე ხანგრძლივი გამოძიება და დახარჯული მილიონობით ევრო ლიბიური დაფინანსების აღმოსაჩენად, რაც სისხლის სამართლის სასამართლომ ვერ იპოვა ჩემს კამპანიაში…
ბრალი ოთხი მუხლით მქონდა წარდგენილი და სამში გავმართლდი. დაფინანსება და კორუფცია ვერ იპოვეს. დამნაშავედ მცნეს, თითქოს ორ კოლეგას დავრთე ნება, მოეფიქრებინათ ჩემი კამპანიის უკანონო დაფინანსების იდეა…
როგორც თავმჯდომარე მოსამართლემ თქვა, პირადი გამდიდრების, ჩემი კამპანიის უკანონოდ დაფინანსების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ სასამართლომ დაასკვნა, რომ ხუთი წელი ციხეში უნდა გავატარო. საფრანგეთის მოქალაქეებს ვთხოვ, განურჩევლად იმისა, მომცეს თუ არა ხმა და მიჭერენ თუ არა მხარს, შეაფასონ ის, რაც ახლა მოხდა“, – განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.