ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ომის დასრულების მიზნით, რუსეთზე ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდოს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს, რადგან მისივე განმარტებით, რუსეთი ომის გაგრძელებას მხოლოდ ხმელეთის მეშვეობით ვერ შეძლებს. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდება.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვართ დამოკიდებული. რეალური უსაფრთხოების გარანტიების გადათქმა რუსეთს აღარ უნდა შეეძლოს. თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი პოზიციის გამყარებას ერთობლივი სისტემით, რომელიც დაიცავს ცას რუსული რაკეტებისა და დრონებისგან, ეს აიძულებს რუსეთს, შეწყვიტოს ციდან თავდასხმა. ამიტომ პუტინი იძულებული იქნება, აქ ან სხვა ადგილას იჯდეს და შეთანხმება ეძებოს.
თუ ცაში ომი არ იქნება, რუსეთს არ შეეძლება ბრძოლა განაგრძოს ხმელეთზე. მე ამაზე ვისაუბრე პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ლიდერებთან. რატომ ვამბობ ამას ახლა და აქ? იმიტომ რომ თქვენ, შეერთებული შტატები, ჩინეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები წარმოადგენთ მსოფლიოს არსებით ძალას. ძალას, რომელმაც უნდა იმოქმედოს მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართალი ვეღარ მუშაობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნიდან.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს.