გაეროში შეკრებილები ყველაზე მეტად მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას ელოდნენ. მოულოდნელობებით სავსე დონალდ ტრამპისგან სურდათ მოესმინათ პასუხები მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე – ასეთი კი ბევრია – ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა, ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან, თავდაცვა, ტარიფები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მრავალი სხვა.
დონალდ ტრამპმა კი თავიდანვე ყურადღება გაამახვილა მისთვის საყვარელ თემებზე: ამერიკული ეკონომიკის ოქროს ხანა, ყოფილი პრეზიდენტის სისუსტეები, გლობალური საემიგრაციო დღის წესრიგის მანკიერებები და დასრულებული ომები. არ დაუკლია კრიტიკა არც გაეროს, არც ევროკავშირისა და არც იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც მისი ნების საწინააღმდეგოდ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გადაწყვიტა.
„6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს ვიდექი, მას შემდეგ ომმა გადაფარა მშვიდობა მსოფლიოს ორ კონტინენტზე, აქამდე მიგვიყვანა აშშ-ის ბოლო ადმინისტრაციის სისუსტემ. ჩემი ადმინისტრაციის მოსვლიდან 9 თვის შემდეგ ჩვენ კვლავ უცხელეს ქვეყნად ვიქეცით, უძლიერესი ეკონომიკით, საზღვრებით, არმიით, სულით – ეს არის ოქროს ხანა აშშ-ისთვის. მსოფლიო სცენაზე აშშ-ის კვლავ სცემენ პატივს ისე, როგორც არასდროს.
ნატომ ჩემი მოთხოვნით თავდაცვისთვის მშპ 2-დან 5 პროცენტამდე გაზარდა, გავაძლიერე ურთიერთობები ახლო აღმოსავლელ პარტნიორებთან, მოლაპარაკებები ვაწარმოვე სავაჭრო საკითხებში, 7 თვეში დავასრულე 7 დაუსრულებელი ომი, ზოგიერთი მათგანი რამდენიმე ათწლეულიც კი მიმდინარეობდა. ცუდია, რომ მე მიწევს ამის გაკეთება და არა გაეროს. გაეროს არც კი უცდია ჩემი დახმარება. ერთხელაც არ მიმიღია გაეროდან ზარი მოლაპარაკებების დასრულების პროცესშიც კი. ეს რაც გაეროსგან მივიღე – ცუდი სუფლიორი და ცუდი ესკალატორია.
რა დანიშნულება აქვს გაეროს? მას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს ვერც კი უახლოვდება – ცარიელი სიტყვები არ ასრულებს ომებს. ომებს ასრულებს ქმედება. მე მოვედი, რომ ამერიკის ლიდერებისა და მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთ, რათა უფრო უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მსოფლიო ავაშენოთ. უკეთესი მომავლისთვის წარსულის მარცხიანი მიდგომები გვერდით უნდა გადავდოთ და რისკებს გავუსწოროთ თვალი. ასეთია გამანადგურებელი იარაღი, რომელიც ირანში გავანეიტრალეთ. ამასთან, უარს ამბობს მშვიდობაზე „ჰამასიც”, ზოგიერთი ქვეყანა კი ამ დროს აღიარებს პალესტინის სახელმწიფოებრიობას – ეს კი დიდი ჯილდოა იმ საშინელების გამო, რომელიც 7 ოქტომბერს ვნახეთ.
ვისაც მშვიდობა სურს ერთი გზავნილი უნდა ჰქონდეს – „გაათავისუფლეთ ტყვეები ახლა”. უნდა დავასრულოთ ღაზაში ომი, ეს უნდა დავასრულოთ. ვმუშაობ უკრაინაში ომის დასრულებაზეც, რაც ძალიან მარტივი მეგონა, იმ კარგი ურთიერთობის გამო, რაც პუტინთან მქონდა, მაგრამ ომში ბევრი სიურპრიზია. მაგალითად, რუსეთისგან ელოდნენ, რომ ომს 3 დღეში დაასრულებდა, ომი კი სამწელიწად-ნახევარია გრძელდება. ომი გრძელდება და ათასობით ჯარისკაცი იღუპება. ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, ესაა ის, რაც ცუდ ლიდერობას მოაქვს. ყველაფერთან ერთად ევროპის ქვეყნები აფინანსებენ ომს მათსავე წინააღმდეგ – ყიდულობენ რუსეთისგან გაზსა და ნავთობს – ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამას განვიხილავთ ევროპელებთან – ვიცი, რომ არ მოგწონთ, რასაც ვამბობ, მაგრამ ეს ასეა. ამასთან ვიტყოდი, რომ თუ რუსეთი არაა მზად შეთანხმებისთვის, ჩვენ ვართ მზად დავუწესოთ მას ტარიფები”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლისას.
ნიუ-იორკშია ვოლოდიმირ ზელენსკიც. ვიდრე ის გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ტრამპის ადგილს დაიკავებს, ამერიკელ კოლეგას პირადად შეხვდება. რუსეთის გაძლიერებული იერიშები უკრაინაზე, მშვიდობის პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი განხილვის მთავარი თემა იქნება. ვიდრე საერთაშორისო საზოგადოებას კრემლის მავნე ქმედებების შესახებ თავად ომში მყოფი ქვეყნის ლიდერი მოუყვება, მანამდე ეს საკუთარ თავზე აღმოსავლეთ ევროპელმა ლიდერებმა იკისრეს – უშიშროების საბჭოზე. ეს იმიტომ რომ რუსული აგრესია საკუთარ თავზეც იწვნიეს, როდესაც მათი საჰაერო სივრცე უხეშად დაირღვა. კრემლი კვლავ თავის მართლების რეჟიმშია.
„ჩვენი გამანადგურებლები ახორციელებდნენ გეგმურ ფრენას, საერთაშორისო წესების დაცვით – მათ ესტონეთის საჰაერო სივრცე არ გადაუკვეთავთ და ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში მოძრაობდნენ. ჩვენს მეზობელს მოელანდათ, რომ რუსეთმა მათი სივრცე დაარღვია. რუსოფობიური ისტერიის გარდა მტკიცებულებები არ მოგვისმენია”, – უპასუხა ესტონეთისა და პოლონეთის კრიტიკას რუსეთის წარმომადგენელმა.
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ლიდერების მე-80 შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა კი პალესტინაა, რომელმაც აღიარება 10-მდე ქვეყნისგან მიიღო. დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას, კანადასა და პორტუგალიას, ბელგია, ლუქსემბურგი, მალტა, სან-მარინო და საფრანგეთი შეუერთდნენ, რითაც ნაწილობრივ სიმბოლურ, თუმცა პალესტინის სახელმწიფოებრიობისთვის გადამწყვეტ პროცესს ჩაუდგნენ სათავეში. პალესტინის აღიარების საკითხს ფართოდ ჰყავს მომხრეები ისლამურ სამყაროში. ერთ-ერთი თურქეთია, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადაწყვეტილება ისტორიულად შეაფასა და ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა ისრაელის სამხედრო მოქმედებები გაეკრიტიკებინა ღაზის ანკლავში. ისრაელის მეზობელი ქვეყნის აღიარების შესახებ ისტორიულ სიტყვას პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშობლოდან უსმენდა, რადგან მისთვის შტატების ვიზა არ გაიცა, თუმცა გაიცა ნებართვა დისტანციური მიმართვისთვის.
„„ჰამასს” არ ექნება როლი მთავრობაში. მათ უნდა დაყარონ იარაღი და მისცენ ის პალესტინის მთავრობას. ჩვენ გვსურს ერთი გაერთიანებული სახელმწიფო იარაღის გარეშე, ერთი კანონით, ერთი ლეგიტიმური უსაფრთხო ძალით. ჩვენ ვგმობთ ოკუპაციასა და დანაშაულს. ისევე როგორც ვგმობთ 7 ოქტომბერს განხორციელებულ ქმედებას. ჩვენ გვსურს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო, მადლობას ვუხდით ქვეყნებს აღიარებისთვის და მოვუწოდებთ სხვებს, მიბაძონ მათ. მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ, რათა პალესტინა გახდეს გაეროს სრულუფლებიანი წევრი. მსურს, ებრაელ ხალხს ახალი წელი მივულოცო, ჩვენს მოთმინებით სავსე პალესტინელებს კი ვუთხრა, რომ თავისუფლება გვიახლოვდება. ეჭვი არ არის”, – აღნიშნა მაჰმუდ აბასიმ.
ეს ყველაფერი პოლიტიკური თეატრია ისრაელისთვის, რომელიც პალესტინური სახელმწიფოს არსებობას ხმამაღლა ეწინააღმდეგება. ეს იმიტომ რომ ისრაელის მთავრობას „ჰამასისა” თუ სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისგან დაცლილი პალესტინის სახელმწიფოსი არ სჯერა, შესაბამისად, ომის მანამდე გაგრძელებას გეგმავს, ვიდრე კონტრტერორისტულ ოპერაციას ბოლომდე არ დაასრულებს. ვიდრე პარასკევს, 26 სექტემბერს, ამ ყველაფერს ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროს ტრიბუნებიდან იტყვის, ნაწილობრივ სათქმელი მისმა წარმომადგენელმა თქვა გაეროში.
„ეს არის თეატრი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს რეალობას მოწყვეტილია, ვიდრე მაკრონი და მისი კოლეგები ამ გადაწყვეტილებას აღნიშნავენ, 48 მძევალი ღაზაში რჩება. ეს მათი საშინაო საჭიროებებითაა ნაკარნახევი და არ წარმოადგენს დიპლომატიას. როდესაც „ჰამასი” მიესალმება ამ კონფერენციასა და მას 7 ოქტომბრის ნაყოფს უწოდებს – ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემაა. სამარცხვინოა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია მხარს უჭერს იმას, რაც აქ ხდება. ბევრი ლიდერი საუბრობს მომავალზე, სადაც „ჰამასი” არაა ღაზის ნაწილი. მინდა, ვკითხო მათ – ვინ გააკეთებს ამას, ვინ მოგვცემს გარანტიას რომ „ჰამასი” არ იქნება ღაზაში? ეს პასუხისმგებლობა ჩვენს მხრებზეა. ისრაელი გააგრძელებს ომს, ვიდრე „ჰამასს” ჩვენი მძევლები რჩებათ და ის ბოლომდე არ განადგურდება – ეს ომი არ დასრულდება ჩვენი მძევლებით ღაზაში”, – თქვა ისრაელის ელჩმა გაეროში, დანი დანონმა.
ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში 58 წლის შემდეგ პირველად გამოჩნდა სირიის პრეზიდენტიც. აჰმედ ალ შარაას ამოცანა ასადის დროინდელი სანქციების მოხსნაა. ამ საკითხზე ის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაც ესაუბრა. გაეროს ტრიბუნებზე კი მსოფლიო ლიდერების გამოსვლა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ყოველწლიური შეკრება 28 სექტემბერს დასრულდება.