რუსი სამხედრო ბლოგერები სულ უფრო ხშირად წერენ, რომ კრემლის სამხედრო მიზნები უკრაინაში ძნელად მისაღწევია. ტელეგრამარხებზე ვრცელდება როგორც რიგითი სამხედრო მიმომხილველების, ისე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების კომენტარებიც.
დიმიტრი როგოზინი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის სენატორი, ერთ-ერთი მოხალისეობრივი სპეციალური დანიშნულების დაჯგუფების „ბარს სარმატის“ შემქმნელი, ერთ-ერთ ინტერვიუში ღიად მიუთითებს იმ კრიტიკულ ვითარებაზე ფრონტის ხაზზე, რომელთან გამკლავებაც უჭირს კრემლის საოკუპაციო არმიას. მისი თქმით, წარმატება მხოლოდ ტაქტიკურ დონეზეა.
„თუ კვლავ ტრადიციული მეთოდებით გავაგრძელებთ მოქმედებას, მთელი ომი ტაქტიკურ დონეზე გაგრძელდება. ესაა მოქმედება შემტევი მცირე ჯგუფებით, რომლებშიც 3,4 ან 5 ადამიანია. მეომრები დაახლოებით ჩვენი ასაკის არიან. ახალგაზრდები კი რატომღაც დაცულები არიან ყველანაირად. ფრონტზე ყველაფერი დანაღმულია, დრონები ყველა მხრიდან ცეცხლს ხსნიან, მებრძოლებს ჯავშანი აქვთ, იარაღიც უნდა ჰქონდეთ და საბრძოლო მარაგიც. მათ ერთდროულად ამოცანის შესრულებაზეც უნდა იფიქრონ და დრონებსაც დაემალონ. ეს ძალიან რთულია. და თუკი საბრძოლო ტექნიკაც გამოჩნდება ამ ზონაში, ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრში, ის განადგურდება. ესაა საკვანძო პრობლემა, ძალთა თანაფარდობა. ეს მოტივაციაზეც ისახება. ისინი მოტივირებული არიან. ისინიც რუსები არიან. რუსულად საუბრობენ, რუსები კი არ ნებდებიან“, – ამბობს დიმიტრი როგოზინი.
ზოგადად ბოლო პერიოდში ტელეგრამარხებზე ხშირად ქვეყნდება ისეთი ვიდეოკადრები, რომლებშიც რუსი სამხედრო ბლოგერები შეფარულად და რიგ შემთხვევაში ღიადაც კი ამბობენ, რომ რუსულ არმიას წინსვლა უჭირს, რასაც სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. მაგალითად, ერთ-ერთ ბლოგზე აღნიშნავენ, რომ ეს ნაკლები მომზადების შედეგია.
„ჩემს დანაყოფში ყველაფერი კატასტროფულად ცუდადაა — მომზადება პრაქტიკულად არ არსებობს. მიდიხარ ფრონტზე ყოველგვარი მომზადების გარეშე, პირდაპირ გაგზავნიან ბრძოლაში — მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ, მაქსიმუმ. მდგომარეობა ძალიან რთულია, ჩემო ძვირფასებო, კატასტროფულია. დასკვნა ძალიან მარტივია, ბიჭებო: ჩვენ ისეთი კატასტროფისა და მსხვერპლის წინაშე ვდგავართ, რომელიც 1941 წელს მნიშვნელოვნად გააფერმკრთალებს“, – ამბობს ყოფილი რუსი სამხედრო ექიმი იური ევიჩი, ერთ-ერთ სამხედრო ბლოგზე.
რუსულ პროპაგანდისტულ სამხედრო არხზე – Записки Ветерана წერენ, რომ უკრაინაში გამარჯვების მისაღწევად მინიმუმ 2 მილიონი ადამიანის მობილიზაცია და გაწვევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს ომის მოგების შანსი არ აქვს. საინტერესოა ის, რომ ამ ინფორმაციის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ ქვეყნდება სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რაც კრემლის არმიას შეტევის რამდენიმე ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულება ჩაუვარდა. იგივე შეიძლება ითქვას დონეცკის ოლქის დასახლება პოკროვსკზეც, რომლის აღებასაც კრემლი თვეების მანძილზე უშედეგოდ ცდილობს.