მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSესტონეთის მოწვევით გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა

ესტონეთის მოწვევით გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა

ესტონეთმა გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ტალინის გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მარგუს ცაჰკნამ მოუწოდა მოსკოვის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ტყუილებისგან და მაგალითად მოიყვანა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევების შემთხვევები, რამაც საომარი მოქმედებები გამოიწვია:

„დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს. რუსული თვითმფრინავები აღჭურვილი იყო რაკეტებით. ყველა მათგანი საბრძოლო მზადყოფნაში იყო“.

მწვავე განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. რადოსლავ სიკორსკიმ საბჭოს წევრებს მოუწოდა, ნათლად თქვან, რომ მსგავსი პროვოკაციები მიუღებელია:

„მინდა, რუსეთის წარმომადგენლებს შემდეგი რამ ვუთხრა: ვიცით, რომ საერთოდ არ გადარდებთ საერთაშორისო სამართალი და არ შეგიძლიათ მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. თქვენი რადიკალური ნაციონალიზმი მოიცავს ბატონობის დაუოკებელ წყურვილს, რომელიც არ ჩაცხრება, ვიდრე არ გაიაზრებთ, რომ იმპერიების ეპოქა დასრულდა და თქვენი იმპერია არასდროს არ აღდგება.

ღმერთმა დალოცოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გმირები – მათი თითოეული დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით ამ დღესთან გვაახლოებს. თქვენი სამდღიანი სპეცოპერაცია უკვე 10 წელია დონბასის დაპყრობასაც კი ვერ ახერხებს.

1914 წელს მობილიზაციის გამოცხადებით თქვენ დააჩქარეთ პირველი მსოფლიო ომის დაწყება, რომლის გამოც ევროპაში სისხლი დაიქცა, თქვენ კი ბოლშევიკურ რევოლუციამდე მიგიყვანათ. ჰიტლერ-სტალინის პაქტის ხელმოწერით, თქვენ ხელი შეუწყვეთ ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას. ცენტრალური ევროპის გასაბჭოებით თქვენ მოახდინეთ ცივი ომის პროვოცირება.

რუსეთის ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი მოწოდება მაქვს: ჩვენს საჰაერო სივრცეში ერთი რაკეტა ან თვითმფრინავიც კი თუ შემოფრინდება, მიზანმიმართულად თუ შეცდომით, ხოლო მათი ნამსხვრევები ნატოს ტერიტორიაზე ჩამოვარდება, გთხოვთ, აქ საწუწუნოდ ნუ მოხვალთ. თქვენ გაგაფრთხილეს“.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა თქვა, რომ მოსკოვის ნაბიჯებს, შესაძლოა, რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს:

„სამწელიწად-ნახევარია, მსოფლიო აკვირდება, როგორ მონაწილეობს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან და არაფრით პროვოცირებულ შეჭრაში. ეს არის გაეროს წესდების ძირითადი დებულებების უგულებელყოფა.

ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისკენ მიისწრაფოდნენ, რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავდასხმა…

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 20-ზე მეტი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი იმყოფებოდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ერთი დრონი გადაფრინდა რუმინეთის ტერიტორიის თავზე, ახლა კი კიდევ სამმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. საუკეთესო შემთხვევაში ეს ქმედებები სახიფათო და უგუნურია. უარეს შემთხვევაში კი – ეს გაცნობიერებული მცდელობაა, დაირღვეს ევროპული უსაფრთხოება და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა. ისინი გზას უხსნიან ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირ სამხედრო წინააღმდეგობას“.

ევროპელი დიპლომატების განცხადებებს უპასუხა გაეროში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლის მოადგილემ. დმიტრი პოლიანსკის მტკიცებით, კრემლი საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით მოქმედებდა და არავის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა:

„ფაქტი ადასტურებს იმას, რომ 19 სექტემბერს, სამი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი გეგმურად, საჰაერო სივრცის საერთაშორისო წესრიგის მკაცრი დაცვით, გადაფრინდა კარელიის ოლქიდან კალინინგრადის ოლქის ავიაბაზაზე.

რუსულ თვითმფრინავებს არ გადაუხვევიათ შეთანხმებული მარშრუტიდან და არ დაურღვევიათ ესტონეთის საჰაერო სივრცე. მათი ფრენის ტრაექტორია მოიცავს ბალტიის ზღვის ნეიტრალურ ზონას, უინსლოუს კუნძულიდან სამ კილომეტრზე მეტის დაშორებით.

ჩვენი მეზობლები ახლა ისე წარმოაჩენენ ყველაფერს, რომ რუსეთია დამნაშავე ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაში. როგორც ყოველთვის, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს, გარდა ტალინიდან მომავალი რუსოფობიული ისტერიისა.

ძალიან სერიოზულად ვუყურებთ ამ ბრალდებებს. ყოველთვის ვისწრაფვით ფაქტებისკენ, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას, გავიგოთ, რა მოხდა სინამდვილეში“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend