21 სექტემბერს აშშ-ში არიზონას შტატში, სპეციალურად მოწყობილ სტადიონზე, კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, 63 000 დამსწრეზე გათვლილი სტადიონი სრულად შეივსო.
დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და ჩარლი კირკის ხსოვნას პატივი მიაგეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ტრამპის ვაჟმა, რომელიც კირკის ახლო მეგობარი იყო, ასევე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თეთრი სახლის სხვადასხვა თანამდებობის პირმა. ემოციური მიმართვა ჰქონდა ასევე ჩარლი კირკის მეუღლეს, ერიკა კირკს.

„კეთილშობილი სულის პატრონი და დიდი მიზნების მქონე”, – ასე მოიხსენია დონალდ ტრამპმა ჩარლი კირკი.

იუტის უნივერსიტეტში, დებატების დროს, კონსერვატიული ფრთის ცნობილ აქტივისტს, ჩარლი კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10 სექტემბერს ესროლეს. 31 წლის კირკი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკის მკვლელი 22 წლის ტაილერ რობინსონია, რომელიც მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.