ევროკავშირი და სომხეთი მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს იწყებენ. ის გულისხმობს „მედეგობისა და ზრდის“ პაკეტის ფარგლებში თანამშრომლობას, რომელიც ბრიუსელმა სომხეთისთვის შეიმუშავა. ამის შესახებ ერევანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა განაცხადა.
მარტა კოსისა და სომხეთის ვიცე-პრემიერის, მჰერ გრიგორიანის, ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ ქვეყნისთვის გამოყოფილი 200 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია მეტწილად მოხმარდება დაკავშირებადობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და იმ საკვანძო მიმართულებებს, რომლებიც ერთი მხრივ სომხეთის ეკონომიკასა და რეფორმებს გააძლიერებს, მეორე მხრივ კი ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს. სტრატეგიულ თანამშრომლობას საფუძვლად კონკრეტული ინტერესები უდევს, რომლებშიც თანხვედრაა.
Pleased to welcome EU Delegation headed by Marta Kos, EU Commissioner for Enlargement in Yerevan. Frank, friendly and genuine discussion on AM-EU partnership, its new agenda, sectorial cooperation and many other issues of mutual interest. pic.twitter.com/XdwYXgDUT8
— Vahagn Khachaturyan (@President_Arm) September 19, 2025
„ჩვენი ორმხრივი პარტნიორული დღის წესრიგი გაძლიერდა ახალი მნიშვნელოვანი ელემენტებით. დაიწყო დიალოგი პოლიტიკური და უსაფრთხოებითი მიმართულებით, ეს შეთანხმებები კი ამის მაგალითია. იმედი მაქვს, რომ ახალ დღის წესრიგს წელს ბრიუსელში, ევროკავშირ-სომხეთის საბჭოზე მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მოემსახურება ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას, ისევე როგორც სომხეთის დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას და გადმოვიღებთ ევროკავშირის საუკეთესო მაგალითებს.
აღვნიშნავ, რომ სომხეთის მთავრობა ძლიერ აფასებს ევროკავშირის მხარდაჭერას, ევროკავშირი სანდო პარტნიორია ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მედეგობისთვის, ინსტიტუციური რეფორმებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის. სომხეთი რჩება რეგიონული დაკავშირებადობის დღის წესრიგის ერთგული. ბრიუსელსა და ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრები და იქ ხელმოწერილი დოკუმენტები ახალ შესაძლებლობებს აჩენს ინფრასტრუქტურის განბლოკვაში. ეს ინიციატივები შესაქებია. დღეს ხაზი გაესვა ევროკავშირის მხარდაჭერას რეგიონის განვითარების საქმეში, საკვანძო კომპონენტი კი ორმხრივ ურთიერთობებში ვიზალიბერალიზაციის პროცესია. ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნეთ პროგრესი, რაც ამ მიმართულებით გვაქვს.
დარწმუნებული ვართ, ერთობლივი შრომით ხელშესახებ შედეგებს მივაღწევთ. დღეს ჩვენ წამოვიწყეთ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი – ესაა ახალი პლატფორმა, სადაც ერთობლივად განვიხილავთ მულტისექტორულ საბიუჯეტო მხარდაჭერის შესრულებას „ზრდისა და მედეგობის” პაკეტის ფარგლებში. მსურს, მადლობა ვუთხრა კომისარსა და დელეგაციას კონსტრუქციული დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დისკუსია და შეთანხმებები ახალ ძალასა და შესაძლებლობებს აჩენს ჩვენს პარტნიორობაში“, – აღნიშნა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.
„რეგიონი გადის ღრმა ტრანსფორმაციას და სამი ათწლეულის განმავლობაში გაჩნდა რეალური შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის – ამიტომაც ვარ აქ. ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებზე დგას და ასე ახლოს ჯერ არასოდეს ვყოფილვართ. მზად ვართ, ეს ურთიერთობა უფრო წინ წავწიოთ – მშვიდობის პერსპექტივა შესაძლებლობაა, რათა გავხსნათ ის სავაჭრო გზები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დახურული იყო. ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და ჩავდოთ ინვესტიცია დაკავშირებადობაში, ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და ციფრულ სექტორში, ასევე დროა მშვიდობაში ინვესტიციებისთვის.
ზოგჯერ, როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობებზე – ვაჭრობაზე, თანამშრომლობაზე – გვავიწყდება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. ევროპა კი დაფუძნებულია მშვიდობაზე, ევროპა მშვიდობის პარტნიორია, სამხრეთ კავკასია და სომხეთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროპასა და რეგიონში მშვიდობის დასაცავად. დღეს პატივი მაქვს, წარმოგიდგინოთ, „მედეგობისა და ზრდის” პროექტის მეორე ნაწილი სომხეთისთვის, რომელიც 200 მილიონ ევროს ითვლის, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციებს დაკავშირებადობის მიმართულებით, ასევე სომხეთის მედეგობასა და სომხური ბიზნესისთვის. ეს კი აჩვენებს ევროპის მონდომებას, რომ დადგეს სომხეთის მხარეს, ასევე აჩვენებს თქვენს ძლიერ მონდომებას რეფორმების გზაზე ისეთ სფეროებში, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ შევთანხმდით მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე, რომ ამ ფართო მასშტაბის პროგრამას გავუწიოთ კოორდინირება. ეს იქნება პლატფორმა პრიორიტეტების დასასახად და შედეგების მონიტორინგისთვის.
2021 წლიდან უკვე მოვახდინეთ 2.5 მილიარდი ევროს მობილიზება ინვესტიციებზე, მაგრამ ამაზე მეტი შეგვიძლია. მაქვს პატივი, ხელი მოვაწერო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ახალ შეთანხმებას, რომელიც დაეხმარება სასაზღვრო პროცედურებსა და დევნილთა საჭიროებების დაკმაყოფილებას. ასევე მზად ვართ, ინვესტიციები განვახორციელოთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში – ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით თქვენი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ რეგიონული დაკავშირებადობის დღის წესრიგის ფარგლებში, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით.
როგორც კომისრისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა. თქვენი მედეგობა და მშვიდობის მიმართ ერთგულება გამორჩეულია. ევროპა თქვენ გვერდით იდგება, შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ”, – თქვა ბრიფინგზე მარტა კოსმა.
ევროკავშირს იმედი აქვს, რომ ურთიერთობების ახალ ეტაპს დაიწყებს ბაქოსთანაც. სამხრეთ კავკასიური ტურნე ევროკომისარმა კოსმა სწორედ აზერბაიჯანის დედაქალაქში ვიზიტით დაიწყო. ბრიუსელში თვლიან, რომ ამისათვის ახლა საუკეთესო დროა, რადგან სამხრეთ კავკასიაში ის იშვიათი მოცემულობაა, როდესაც მშვიდობაზე საუბარი რეალისტური გახდა. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გამო მილოცვები სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ერევანმაც მიიღო და ბაქომაც. ეკონომიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები ის მიმართულებებია, რომლითაც ერთმანეთთან ურთიერთობებში ბაქოც დაინტერესებულია და ბრიუსელიც. ბაქოში გამართული პოლიტიკური დისკუსიებისას ხაზი გაესვა შუა დერეფნის ფარგლებში გაზრდილი ტვირთბრუნვის საკითხს. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე კი ითქვა, რომ ამ მიმართულებით ბაქო გათავისუფლებული ტერიტორიების ჩართვასაც გეგმავს, სადაც ინფრასტრუქტურაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. ევროკომისარი ამ მხრივ მთიანი ყარაბაღის რეგიონსაც ეწვია – დაათვალიერა ფუზულის ახალი აეროპორტი და ამ ტერიტორიაზე ნაღმების გაუვნებელყოფის პროცესსაც დაესწრო.
Respect, dialogue and mutual interests guide the 🇪🇺-🇦🇿 partnership. This was clear from my meeting with Minister of Foreign Affairs @Bayramov_Jeyhun. We plan to take our relations even further. pic.twitter.com/FYEUFMbaui
— Marta Kos (@MartaKosEU) September 19, 2025
„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ აღდამსა და ყარაბაღში ვიზიტის შემდეგ. დაუჯერებელია ის, რასაც ეს ქვეყანა აკეთებს, თუ როგორ აშენებს სივრცეს, რომელიც წლების მანძილზე ომსა და ნგრევაში არსებობდა. ვაფასებ აზერბაიჯანის მთავრობის სიმამაცეს, რომ ააშენოს ახალი ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, რათა ხალხი აქ უკან დაბრუნდეს.
სამ რამეს გამოვყოფდი: პირველი – ომს კარგი არაფერი მოაქვს, ის ანადგურებს ადამიანების სიცოცხლესა და სავსეა ღრმა ჭრილობებით; მეორე – თუ მშვიდობის მხარეს დგახარ, ამ მიდგომაზე ბევრის დაშენება შეგიძლია – უნდა შეაჩერო ომი და რამე გააკეთო მშვიდობისთვის, სწორედ ეს გააკეთეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა; მესამე კი ისაა, რომ ევროკავშირს სურს დახმარება.
იმედი მაქვს, ხელს მოვაწერ ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ამ სივრცეში, განსაკუთრებით კი ჯანდაცვის ნაწილში გამოვყოთ თანხა. იმედია, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა მოხერხდება”, – აღნიშნა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა აზერბაიჯანში ყოფნისას.
სამხრეთ კავკასიაში მარტა კოსის მარშრუტმა შეკითხვა გააჩინა, კერძოდ, იმის თაობაზე, თუ რატომ არ გამოიყენა გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა რეგიონში ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში ჩამოსვლისთვის და პროევროპული პროტესტისას დაკავებული დემონსტრანტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის მხარდასაჭერად, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელს „ქართულ ოცნებასთან” მაღალი დონის კავშირები შეჩერებული აქვს. კომისიაში განმარტავენ, რომ ეს ვიზიტი ვიწროდ, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებული სამშვიდობო პროცესის კონტექსტში უნდა იყოს დანახული, რომელსაც ფართოდ რეგიონული სარგებელიც ექნება. თუმცა ევროკომისიის წარმომადგენელმა გიომ მერსიემ საქართველოსთან არსებული ურთიერთობებიც შეაფასა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ის წუხილი, რაც ბრიუსელს თბილისთან მიმართებით აქვს მას შემდეგ, რაც მისი თქმით, ქვეყანამ დემოკრატიულ და ევროპულ გზას გადაუხვია.
„სომხეთსა და აზერბაიჯანში კომისარი კოსის ვიზიტი უნდა იყოს განხილული ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ეს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია და კომისარი კოსი გამოიყენებს მას სამშვიდობო პროცესისა და ფართოდ რეგიონული ნორმალიზების კუთხით ევროკავშირის მტკიცე ერთგულების გამოსახატად. ეს ვიზიტის ძლიერი გზავნილია ჩვენი მხრიდან, რომ განვამტკიცოთ კავშირები რეგიონში, კონკრეტულად კი შავი ზღვის სტრატეგიისა და დაკავშირებადობის კუთხით არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე. გვჯერა, რომ ეს სარგებელს მოუტანს ფართოდ რეგიონს და მის მოსახლეობას.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი პოზიცია კარგადაა ცნობილი და ბევრჯერ გვითქვამს, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებული ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან გადახვევის გამო”, – პასუხობს შეკითხვას ევროკომისიის სპიკერი გიომ მერსიე.
ევროკომისიაში განმარტავენ, რომ ბრიუსელი სამხრეთ კავკასიასა და რეგიონთაშორის კავშირებს სერიოზულად უყურებს და სურს, აქ საკუთარი დღის წესრიგი წარმოადგინოს, მათ შორის გაკეთდეს გარკვეული კონტრიბუცია რეგიონული განვითარების მიზნებისთვის. ეს ყველაფერი კი უკრაინაში ომის პარალელურად ხდება, რომელმაც რეგიონს საკუთარი ხელი მნიშვნელოვნად დაატყო. თბილისში კი ევროკავშირთან დაზიანებული ურთიერთობების გადასატვირთად უკრაინაში ომის დასრულებას ელიან. მანამდე ბრიუსელს ბიუროკრატიასა და ღირებულებებიდან აცდენაში სდებენ ბრალს. მსგავსი განცხადებები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს დონეზე კეთდება.

